„ქართული ოცნების“ სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 4 ოქტომბრის მოვლენების კომენტირებისას, უცხოელ პოლიტიკოსებისა და “ბრიუსელის ბიუროკრატების” შესახებაც ილაპარაკა.
“არც დანაშაულის მომზადებამდე, არც მისი მიმდინარეობისას და არც მას შემდეგ, არც ერთ უცხოელს, ბრიუსელის ბიუროკრატს, თუ ცალკეული ქვეყნების ოფიციალურ პირს არამცთუ არ დაუგმია ძალადობა და დანაშაული, არამედ არც კი გამიჯვნია მას”, – განაცხადა პაპუაშვილმა 5 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ისმოდა მხოლოდ დანაშაულის მხარდამჭერი ლოზუნგები და ზოგადი, ცარიელი ფრაზები დემოკრატიისა და თავისუფლების შესახებ, რომლებიც, მისივე თქმით, კიდევ უფრო ცინიკური ჩანდა იმ მასობრივი დანაშაულის ფონზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურებდა მთელი მსოფლიო:
„ჩვენ ვიხილეთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კოორდინირებული საინფორმაციო მხარდაჭერა, როდესაც სახეები, რომელთაც საზოგადოება კარგად იცნობს, აქვეყნებდნენ მსგავს ტექსტებს საქართველოსთან დაკავშირებით. ფაქტი იყო, რომ კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, რადგან ჩანდა, რომ გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალება წარუმატებელი მცდელობა იქნებოდა.
პაპუაშვილის თქმით, არსებობს ჯგუფი, რომელსაც საქართველოს მიმართ მავნე ინტერესები აქვს და, რომელიც ცდილობს ქვეყნის არევას და პაიკად გამოყენებას.
„როგორც ჩანს, იყო წინასწარ მომზადებული ტექსტებიც, რომელიც გარკვეული მომენტის შემდეგ დაიდო და, რომელსაც უნდა შეესრულებინა მაიდნის გარე წაქეზების ფუნქცია. ვხედავთ ერთი და იგივე სახეები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ძირს უთხრიდნენ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ვხედავთ მათ მუდმივ მცდელობებს, რომ ჩვენთან ვითარება არიონ. არანაირი ემპათია, თანაგრძნობა, ინტერესი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მიმართ მათ არ აქვთ. ყველანაირი საუბარი თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე არის მათი მხრიდან ცარიელი სიტყვები. სინამდვილეში, ამის უკან დგას ძალიან ცივი გონებით გათვლილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები საქართველოს, როგორც ტერიტორიის და ქართველების, როგორც მხოლოდ ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შს სამინისტრომ 4 ოქტომბერს დააკავა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, დაკავებულებს „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა”.
4 ოქტომბერს, თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები პარალელურად, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დაიგეგმა.
მოქალაქეები ჯერ რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლეს, ათონელის ქუჩაზე. რამდენიმე მათგანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, რომელიც მასში მონაწილეობდა, მკაცრად დაისჯება. მისი სიტყვებით, „30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი“.
ფორუმი