შალვა პაპუაშვილი – არის მცდელობა, ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში და რეალურად, იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს წარმოდგენილი

ჩვენ რასაც ვაკვირდებით ეს არის, ე.წ რებრენდინგის პროცესის გაგრძელება, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ წინა არჩევნებზე ვიხილეთ – არის მცდელობა, რომ ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში და რეალურად, იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, „სინამდვილეში ეს არის ერთი, ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც გარედან იმართება.“
„გარედან მართული პროცესი არის სრულად და ზუსტად ისე მიდის პროცესები, როგორც ვსაუბრობდით. არის მცდელობა, რომ ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში და რეალურად, იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს არჩევნებში წარმოდგენილი. ასე რომ, ეს არის გარედან დაგეგმილი, დაორგანიზებული და განხორციელებული მცდელობა. ვხედავთ, რომ გახარია დღესაც საზღვარგარეთ არის წასული და იქ შესაბამის მითითებებს იღებს. უნდათ, რომ ამომრჩეველს მოაჩვენონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის წარმოდგენილი არჩევნებში. სინამდვილეში ეს არის ერთი, ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც გარედან იმართება. ამ მცდელობას ვხედავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილმა ისაუბრა ს გაცხადებაზე, რომელმაც ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს შესთავაზა, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.
მისი თქმით, რომ არ ყოფილიყო „სპეკულაციები“ იმის შესახებ, რომ თითქოს პოლიტიკურ პარტიებს შესაბამისი საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ყაველაშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ ისინი შეიწყალოს.
„მის განცხადებაში ამასთან დაკავშირებით არგუმენტაცია მოყვანილი იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე დაწყებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თავდასხმა. არის მცდელობა, რომ ჩაშალონ. იმისთვის, რომ სპეკულაციები არ იყოს, პრეზიდენტის განმარტებით, იმ პოლიტიკოსებს მისცა შესაძლებლობა, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა სურთ. შემდეგ რომ არ იყოს ამ საბაბზე საუბარი, რომ თითქოს შესაბამისი შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ – თუკი აქვთ სურვილი, მათი შეწყალების მზაობა გამოთქვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, არის მცდელობები, რომ თვითმმართველობის ჩაიშალოს.
„მცდელობებია, რომ ეს არჩევნები ჩაიშალოს. იყო მცდელობა ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან, დაეფინანსებინათ ორგანიზაციები, რომლებსაც პირდაპირი, გაცხადებული მიზანი აქვთ, რომ არჩევნები ჩაშალონ. ასევ არის ორგანიზაციები, რომელთა განცხადებებს ამ დღეებში ვხედავდით საბოტაჟთან დაკავშირებით. ვგულისხმობ: „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, „საფარს“, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ბოიკოტი და საბოტაჟი უნდა იყოს. ეს ორგანიზაციები ევროკავშირის საელჩოსგან ფინანსდებიან. ასე რომ, ევროკავშირის საელჩოები დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომელთა მიზანია ჩაშალოს თვითმმართველობის არჩევნები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.