ჩემი მოლოდინია, რომ ასეთი ენით, ასეთი ინსტრუმენტებით სტრატეგიული პარტნიორი პარტნიორს არ უნდა ელაპარაკებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „ანტიქართული რიტორიკა“ აცდენილია ამერიკელი ხალხის ნებას.
„ამ საკითხთან დაკავშირებით საეროდ არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ არასერიოზულია ასეთი დამოკიდებულება და რა თქმა უნდა, არ შეეფერება იმ ზომის სახელმწიფოს, რომელიც არის აშშ – ამ ზომის სახელმწიფოს, რომელიც არის საქართველო, ასეთი ინსტრუმენტებით ლაპარაკობდეს. საქართველოს ხელისუფლება არასდროს მოქმედებს არცერთი ქვეყნის შანტაჟის ქვეშ და მგონი, ეს ბევრმა დაინახა. ჩვენს მიმართ სანქციები ახალი არ არის, როგორც სხვა დროს, სხვა ქვეყნებიდან სანქციებზე ქართველი ხალხის პასუხი იყო, რომ არავინ დათმობს თავის ეროვნულ ინტერესებს, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. ჩემი მოლოდინია, რომ ასეთი ენით, ასეთი ინსტრუმენტებით სტრატეგიული პარტნიორი პარტნიორს არ უნდა ელაპარაკებოდეს. ჩვენ ამერიკელ ხალხთან აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება გვაქვს. ვფიქრობ, ეს განცხადებები აცდენილია ამერიკელი ხალხის ნებას. ამერიკელი ხალხი ნამდვილად აფასებს ქართველი ხალხის გვერდში დგომას, ჩვენი ჯარისკაცების გვერდში დგომას ავღანეთში, როდესაც ჩვენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ვიბრძოდით და ნატოს ქვეყნებშიც კი ვიყავით ერთ-ერთი ლიდერი ჩვენი კონტინგენტით. ის ქვეყნები, რომლებიც დღეს გულზე მჯიღს იცემენ და ძალიან იჭიმებიან,რომ არიან თამამები და ბრძოლისთვის მოწადინებული, რომ საბრძოლო და საომარი იყო ავღანეთში, იმ ქვეყნებზე 10-ჯერ და 20-ჯერ ვიყავით ჩვენ წარმოდგენილიო. ასეთი ანტიქართული რიტორიკა აცდენილია ამერიკელი ხალხის ნებას. იმედი მაქვს, ამერიკის ხელისუფლება საკუთარი ხალხის ნების მიხედვით იმოქმედებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით. ენტონი ბლინკენის განცხადებით, დღესვე იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.