ანტიკორუფციული ბიურო არ არის საგამოძიებო უწყება, ის დეკლარაციების სხვა ტიპის გადამოწმებას ახდენს, ვიდრე ეს შეუძლია გამოძიებას – რასაც აკეთებს ანტიკორუფციული ბიურო, ეს არის დეკლარაციების გადამოწმება და მათი შესაბამისობის დადგენა საჯარო დაწესებულებებში შენახულ ინფორმაციაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ხედავს თუ არა ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრალეულობას იმაში, რომ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „წლების განმავლობაში არაკეთილსინდისიერად შევსებულ დეკლარაციაში“ ხარვეზები ვერ აღმოაჩინა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ანტიკორუფციულ ბიუროს არ აქვს ხელში საგამოძიებო უწყებისთვის არსებული ინსტრუმენტები.
„ანტიკორუფციული ბიურო არ არის საგამოძიებო უწყება, ის გახლავთ სხვადასხვა ფუნქციის მატარებელი. მათ შორის ერთ-ერთი არის საჯარო მოხელეების დეკლარაციების შევსების ორგანიზება და მისი გადამოწმება არა საგამოძიებო ინსტრუმენტებით, არამედ იმგვარი ინსტრუმენტებით, რომელიც მათ შორის შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანებსაც გააჩნდეთ. ვიმეორებ, ანტიკორუფციული ბიურო არ არის საგამოძიებო უწყება, ის დეკლარაციების სხვა ტიპის გადამოწმებას ახდენს, ვიდრე ეს შეუძლია გამოძიებას. რაც შეეხება კონკრეტულ ბრალს და ა.შ. ეს ასპარეზი უნდა დავუთმოთ სრულად ჩვენს საგამოძიებო უწყებებს, პროკურატურას, რომელიც ვხედავთ, რომ ინტენსიურად გაწვდით ინფორმაციას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ანტიკორუფციული ბიურო არ არის საგამოძიებო უწყება, რომელსაც აქვს ხელში საგამოძიებო უწყებისთვის არსებული ინსტრუმენტები. რასაც აკეთებს ანტიკორუფციული ბიურო, ეს არის დეკლარაციების გადამოწმება და მათი შესაბამისობის დადგენა საჯარო დაწესებულებებში შენახულ ინფორმაციაზე, როგორიც არის საჯარო რეესტრი, სამოქალაქო რეესტრი და ა.შ.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა, თანამდებობის პირმა ან საჯარო მოხელემ დამალოს ქონება და ამას ვერ მიხვდეს ანტიკორუფციული ბიურო, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ანტიკორუფციული ბიურო არ არის საგამოძიებო უწყება“.
„ანტიკორუფციული ბიურო არ არის საგამოძიებო უწყება და საგამოძიებო უწყებები როგორ ინტენსიურადაც მუშაობენ, თავადაც აკვირდებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




