პრესსპიკერმა ძალიან აიტაცა შედარება, მითითებები რუსულ სახელმძღვანელოზე, სამსახურებზე და ა.შ. – აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდაა, რასაც ის ეწევა. პროპაგანდას რომ ეწევა, ის გასაგებია, მაგრამ პროპაგანდასაც რაღაც თავისი სტილი ხომ უნდა ჰქონდეს – ყოველ ჯერზე, როდესაც ქართველი ხალხის და მისი არჩეული ხელისუფლების მიმართ რუსულის ეპითეტებით ჟონგლიორობას დაიწყებს, მიიღებს საკმაოდ მკაფიო პასუხს ჩვენგან,- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები „აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან“ არის ინსპირირებული.
მისი თქმით, ანიტა ჰიპერი თავს ესხმის ქართველ ხალხს და მის არჩეულ ხელისუფლებას.
„პრესსპიკერმა ძალიან აიტაცა შედარება, თუ მითითებები რუსულ სახელმძღვანელოზე, სამსახურებზე და ა.შ. – აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდაა, რასაც ის ეწევა. პროპაგანდას რომ ეწევა, ის გასაგებია, მაგრამ პროპაგანდასაც რაღაც თავისი სტილი ხომ უნდა ჰქონდეს. აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდა ქართველის ხალხის მიმართა, რაღაც ეთნიკური ეპითეტების გამოყენებისა. ხან, რუსული სახელმძღვანელო, ხან, რას ამბობს და ხან, რას ამბობს ეს ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი. გუშინაც დავწერე და დღესაც მინდა ვთქვა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ის გამოჩნდება ქართველი ხალხის და მისი არჩეული ხელისუფლების მიმართ რუსულის ეპითეტებით ჟონგლიორობას დაიწყებს, მიიღებს საკმაოდ მკაფიო პასუხს ჩვენგან, ვინაიდან შეუძლებელია ასეთი მიდგომები ქართველმა ხალხმა მოითმინოს, როდესაც მას აბსოლუტურად არაფრად აგდებენ. ზემოდან ყურებით გამოდის ერთი ბიუროკრატი, რომელმაც კარიერა ახლა ხანს დაიწყო, სავარაუდოდ იქ, გამოდის და თავს ესხმის ქართველ ხალხს და მის არჩეულ ხელისუფლებას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „ეს არის ადამიანი, რომელმაც, 23 სექტემბერს მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით 4 ოქტომბერს დაორგანიზებულ შეკრებას“.
„ამის შემდეგ, 10 დღის განმავლობაში, მე პირადად, ლამის ყოველ დღე ვამახვილებდი ამაზე ყურადღებას და მოვუწოდებდი, განემარტათ, გამიჯვნოდნენ დამხობის შეკრებას, თუმცა რეაგირება იყო ნული. დადგა 4 ოქტომბერი, დაიწყო დამხობის ჩავარდა და ახლა არ უნდათ პასუხისმგებლობის გაზიარება. მანამდე ვამბობდი, რომ თუკი იქნებოდა იქ ძალადობა, ევროკომისია გაიზიარებდა პასუხისმგებლობას ამ ძალადობისთვის სწორედ პრესსპიკერის ამ განცხადების გამო.
ჩვენ ვხედავთ, 4 ოქტომბრის წარუმატებელი დამხობის შემდეგ ორჯერ გააკეთა კომენტარი პრესსპიკერმა და ორივეჯერ თავს დაესხა საქართველოს ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მოძალადეების და პრეზიდენტის სასახლის შტურმით ამღებების ქმედება. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ ეს ადამიანი პასუხისმგებლობას გაექცეს იმისათვის, რაც გააკეთა, კერძოდ, ის, რომ შეაგულიანა და გარე მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ხელისუფლების დამხობის შეკრებას. გუშინდელი, თუ გუშინწინდელი განცხადება, არის მაგალითი სიტყვიერი თავდასხმისა ქართველ ხალხზე და მის ხელისუფლებაზე და ეს უნდა დასრულდეს. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ვისმენთ თავდასხმას ერთი ბიუროკრატის მხრიდან, რომელიც არავის მიერ არის არჩეული და არის დანიშნული საკუთარი ხელმძღვანელის მხრიდან, ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე. აქ რაღაც ევროპულ სტანდარტებზე საუბარი საერთოდ ზედმეტია. მიუღებელია უბრალოდ, როდესაც არა არჩეული ბიუროკრატი თავს ესხმის სხვა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები „აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან“ არის ინსპირირებული. ჰიპერის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერბალური თავდასხმები „რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობებია“.
