ის, რომ ეს რამდენიმედღიანი ძალადობა რადიკალური პარტიების მიერ იყო წინასწარ ორგანიზებული, ადვილად დადასტურდა ორი დღის წინ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებით, როდესაც მთელმა საზოგადოებამ იხილა, თუ რა რაოდენობის პიროტექნიკა და ძალადობრივი თავდასხმისთვის განკუთვნილი სხვა საშუალებები იქნა ამოღებული პარტიების ოფისებიდან – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოებრივ და საკონსტიტუციო ველს, უარი თქვან უაზრო შეტაკებასა და აგრესიაზე, რომელიც აზიანებს მოქალაქეებს და განაგრძონ კანონის დაცვით პარტიული საქმიანობა.
“მიუხედავად არაერთგზის ბრალდებისა, რომ ქართული პოლიცია ვინმეს არბევს თუ სდევნის, ყველაფერი, თითოეული წამი, რამდენიმე ტელევიზიის მიერ გადაიცემა პირდაპირ ეთერში და ყველა ნათლად ხედავს, რომ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა არის სრულიად თავისუფალი და შეუზღუდავი. პოლიცია მოქმედებას იწყებს მხოლოდ მაშინ, როდესაც, წაქეზებით თუ ორგანიზებით, აგრესიული ჯგუფები იწყებენ პოლიციელებზე თავდასხმას და ძალადობას. ბუნებრივია, რომ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ დაუფარავად მიმართული ეს ქმედებები მკაცრადაა აღკვეთილი და ეს ასეც გაგრძელდება.
საზოგადოება რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალყურს აქციების მიმდინარეობას და თავად ხედავდა, თუ რა თანმიმდევრობით ვითარდებოდა მოვლენები. ხედავდა, რომ აქციის დაწყებიდან მალევე იწყებოდა პოლიციელებზე თავდასხმა, ქვების და პიროტექნიკის სროლა, პარლამენტის შენობის დაზიანება. პოლიცია მრავალჯერადად აფრთხილებდა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოეხატათ, თუმცა ვხედავდით, რომ არც ორგანიზატორები და არც აქციის სხვა მონაწილეები, არაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს ძალადობა აღეკვეთათ. პირიქით, ქვების, “მოლოტოვის კოქტეილების”, პიროტექნიკის ადამიანებისთვის სროლა, ოპოზიციის კუთვნილმა მედიებმა, სანახაობადაც კი აქციეს, პროტესტის დანარჩენი მონაწილეები კი პირიქით ამხნევებდნენ მოძალადეებს.
ის, რომ ეს რამდენიმედღიანი ძალადობა რადიკალური პარტიების მიერ იყო წინასწარ ორგანიზებული, ადვილად დადასტურდა ორი დღის წინ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებით, როდესაც მთელმა საზოგადოებამ იხილა, თუ რა რაოდენობის პიროტექნიკა და ძალადობრივი თავდასხმისთვის განკუთვნილი სხვა საშუალებები იქნა ამოღებული პარტიების ოფისებიდან”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ ნახა, რომ როგორც კი მოხდა ამ მასალების ამოღება და ძალადობის ორგანიზატორების დაკავება, პროტესტი იმავე დღეს იქცა მშვიდობიანად.
„ამ დღეებმა გვაჩვენა, რომ მიუხედავად პარტიული ორგანიზებისა და კარგად მომზადებული აქტივისტების მიერ აგრესიული ჯგუფების წახალისებისა, დემონსტრაციის ეს ტალღა ვერ აღწევს დასახულ მიზანს, მოაწყოს ქვეყანაში გადატრიალება, რევოლუცია, ქვეყნის ჩამოშლა და საბოტაჟი. სწორედ ამიტომ, მაგიდაზე დევს ერთადერთი გონივრული ალტერნატივა. ყველა უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოებრივ და საკონსტიტუციო ველს, უარი თქვან უაზრო შეტაკებასა და აგრესიაზე, რომელიც აზიანებს მოქალაქეებს და განაგრძონ კანონის დაცვით პარტიული საქმიანობა. ნაცვლად გაფიცვებისკენ მოწოდებისა თუ პეტიციების შედგენისა, რომელიც ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს, გარდა სისტემის თვითლუსტრაციისა, მოქალაქეების ამ ჯგუფებმა სჯობს გაამჟღავნონ, ვის დაუჭირეს მხარი არჩევნებზე და მათ რჩეულ პარტიებს მოსთხოვონ პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის ხვალინდელ დღეზე.
თქვენ ყველანი ადევნებთ თვალს მსოფლიოში შექმნილ ვითარებას, იმ ესკალაციას და დაძაბულობას, რაც ბოლო პერიოდში არაერთი მიმართულებით შეინიშნება. ჩვენ სიმშვიდით და სიმტკიცით გადავიტანთ ამ რთულ პერიოდს, ვიდრე არ გავალთ სამშვიდობოს. მანამდე კი როგორც მოგეხსენებათ, წლის ბოლომდე პარლამენტს აკისრია რამდენიმე მნიშვნელოვანი ვალდებულების შესრულება, დასამტკიცებელია ბიუჯეტი, ასარჩევია ახალი პრეზიდენტი, ამ გეგმას ჩვენ მეთოდურად და თანმიმდევრულად განვახორციელებთ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
