შალვა პაპუაშვილი – ალი ასადოვთან შეხვედრაზე ძირითადად იმ ეკონომიკურ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც აზერბაიჯანთან ერთად ვახორციელებთ – ჩვენს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის აღქმული, როგორც ერთ გუნდად მუშაობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებით, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრის დროს საუბარი შეეხებოდა პროექტებს, რომელსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს.
მისი თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის აღქმული, როგორც ერთ გუნდად მუშაობა.
,,აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ პროექტებზე, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ, გვქონდა მსჯელობა ენერგოპროექტებზე, სადაც აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მეშვეობით წვდომა ევროპულ ბაზარზე და პირიქით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს დივერსიფიცირებული ენერგომატარებლების მიღება. მთავრობებს შორის არის ძალიან ინტენსიური მუშაობა. პარლამენტის პერსპექტივიდან გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა საკანონმდებლო ჩარჩო უნდა არსებობდეს, რათა წახალისდეს ასეთი პროექტების განხორციელება. ასე რომ, ჩვენ ორივე ქვეყნის პარლამენტი ვაპირებთ ამ საკითხებზე თანამშრომლობას, რომ შევქმნათ შესაბამისი სამართლებრივი გარემო ყველა ამ პროექტის განსახორციელებლად. დღეს ფაქტობრივად ყველა შტოს ხელმძღვანელს შევხვდით, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს. საუბარი გვქონდა რეგიონულ უსაფრთხოებაზე, იმ მოლოდინებზე, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს სტაბილური მშვიდობის მიმართულებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ მალე შედგება სამშვიდობო შეთანხმება, რაც გაზრდის ჩვენი რეგიონის პოტენციალს, შესაძლებლობებს ჩვენი ხალხებისთვის, რომ კეთილდღეობა კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენს ქვეყნებში. ის დეტალური განხილვა, რომელიც გვქონდა, აჩვენებს, რამდენად ნდობითი ურთიერთობა არის ჩვენს ქვეყნებს შორის, რამდენად მოწადინებული ვართ ორივე ქვეყანა, რომ გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის აღქმული, როგორც ერთ გუნდად მუშაობა სხვადასხვა საკითხზე და ეს არის რეალური პრაქტიკა ჩვენს მთავრობებსა და პარლამენტებს შორის ურთიერთობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.