თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საკითხზე ისაუბრა.
შალვა ოგბაიძის განცხადებით, იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ გაცემული იქნა დავალება, რომ „2011 წლის 26 მაისის აქციიდან დაზიანების გარეშე არცერთ მოქალაქეს არ უნდა დაეტოვებინა ტერიტორია“.
„ჩემმა მეუღლემ გამოგვიტანა გამოსაცვლელი ტანსაცმელი 21:00 საათი იქნებოდა, წვიმა დაიწყო, მაგრამ უკან გასვლა უკვე იყო საშიში, იმიტომ რომ, ვიცოდით, უკან გასვლის დროს ფიზიკური შეურაცხყოფის გარეშე არავის უშვებდნენ. ეს იყო მთლიანად გადაკეტილი მოედანი, ჩიტაძის ქუჩა იქნებოდა, თუ რუსთაველის ორივე მხარე. ეს იყო ოპერაცია „ყულფი“.იმ სულძაღლიანმა როდიონოვმაც კი, რაღაც ნაწილი გზა დაგვიტოვა გასაქცევი 1989 წლის 9 აპრილს. მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა, არსად გასაქცევი საშუალება არ იყო, ყველა ამ ხორცსაკეპ მანქანაში უნდა მოყოლილიყო და როგორც მან ბრძანება გასცა, დაზიანების გარეშე არავინ არ უნდა ყოფილიყო, რაც შესრულდა კიდევაც.
მე უგონოდ შემიტანეს საავადმყოფოში იმ ღამის შემდეგ, ხოლო გიორგი და ლევანი აწამეს უღმერთოდ. პოლიციის სამმართველოში, რომ მიიყვანეს ლევანი, ყოველ სართულზე გადასცემდნენ ესტაფეტით, რომ ეს ოგბაიძის შვილიაო. ყველას, ვისაც არ ეზარებოდა, თითოს უმატებდა. გიორგი მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვიპოვეთ. ცა არ უნახავთ, არავითარი გასეირნება“, -განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
რაც შეეხება 2009 წლის 6 მაისის აქციას, ოგბაიძის თქმით, “ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი, მაგრამ იყო გადაწყვეტილი დასჯა იმ ადამიანების, ვინც ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილის პოლიციის სამმართველოსთან ხმის ამოღება გაბედა”. მისივე განცხადებით, “უკნიდან მოხვდა დამტვრეული ბეტონის ნამსხვრევი, მერე კი იყო პლასტმასის ტყვიებით მისი დაცხრილვა”.
“ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი, მაგრამ იყო გადაწყვეტილი დასჯა იმ ადამიანების, ვინც ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილის პოლიციის სამმართველოსთან ხმის ამოღება გაბედა. ერთი შურდული, კენჭი, ქვა, ბოთლი არავის ჰქონია ხელთ, აბსოლუტურად მშვიდობიანი, ხელაწეული ხელებით აპროტესტებდნენ ადამიანები დაკავებული ახალგაზრდების წამებას და ეს წამება განვრცობადი იყო და უფრო უკეთურ რაღაცებს აპირებდნენ, აღარ მინდა ახლა ვთქვა, რის გამოც ჩვენ დავიძარით რუსთაველის გამზირიდან მერე ფეხით და ჩავედით იქ. მე ზურგით ვიდექი პოლიციის სამმართველოს ალაყაფის მიმართ და ვცდილობდი, რომ ადამიანები, რომლებიც, ვთქვათ, უკვე პირველი გასროლა რომ მოხდა, არ მიახლოებოდნენ ღობეს. მე ვიცოდი ეს რითაც დამთავრდებოდა და ეს ჩაითვლებოდა შეჭრის მცდელობად. შეჭრის მცდელობა ერთადერთი საწყალ “უცნობს” დააბრალეს, ფურცლით გადახტა და რა უქნეს თქვენ კარგად იცით. ის ყოფილა თურმე პოლიციის აღება სამმართველოსი. მაგრამ მე ვაკავებდი ამ ადამიანებს, რომ ეს არ მომხდარიყო და აი, ამ დროს უკნიდან მომხვდა დამტვრეული ბეტონის ნამსხვრევი, 14 ნაკერი დამადეს და მერე იყო პლასტმასის ტყვიებით ჩემი დაცხრილვა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ერთ მომენტში ბატონი სოზარი ცდილობდა მე გადამფარებოდა და გია მაისაშვილი. გიას პირდაპირ შუბლში მოხვდა, მე უკვე ჩავიკეცე, გონება დავკარგე, ტვინის შერყევა მქონდა. თქვენზეც იძალადეს მაშინ, როგორც მერე ყველასთვის ცნობილი გახდა, არ გინდობდნენ არც თქვენ ბატონო სოზარ“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
რაც შეეხება შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნას, რაც საგამოძიებო კომისიის მიერ ერთ-ერთ საკითხად განიხილება, ოგბაიძემ აღნიშნა:
“დამირეკა გია გალდავამ, ეს იყო სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და მითხრა, რომ მიბარებდა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური. მე რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მივედი ამ შეხვედრაზე. იქ დამხვდა თვითონ გია [გალდავა], დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო, თამაზ შაფათავა, დავით მჭედლიშვილი, ჩემი მოადგილე და ერთი ახალგაზრდა ბიჭი.
შესავალში მითხრეს, რომ კარგი იქნება თუ მე გადავდგები საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტობიდან, ვიქნები ფედერაციის ახლად არჩეული პრეზიდენტის მოადგილე, თუკი გადავცემთ ამ ავტოდრომს უკვე სახელმწიფოს და ინვესტიციას განვახორციელებთ და ა.შ. ამ ახალგაზრდა ბიჭს ხელი გავუწოდე, გავიცნოთ-მეთქი ერთმანეთი და მან მითხრა, რომ ის არის ნიკოლოზ ალასანია, თემურ ალასანიას შვილი. [თემურ ალასანია – მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ძმა… მე ვუთხარი, ახლა რომ გავალ ერთი 7 მიკროფონი დამხვდება და მე პასუხი უნდა მქონდეს, რის გამო გადავდექი. არ ვფინანსდები სახელმწიფოდან, ჩვენ ჩვენი შემოსავლები გვაქვს. მე მაშინ ჩემი საწარმო მქონდა და ძალიან ხშირად ავტომობილებსაც კი ვაწესებდით ხოლმე პრიზებად. მონაწილეობას ვიღებდით სოციალურ აქტივობებში- რა ვუთხრა [რატომ გადავდექი] და ამიტომ [ვთქვი] მომეცი დრო, ერთი თვე. ეს ერთი თვე არ მოეწონათ და შავი პიარი დაიწყო. შავი პიარის აგორება იყო მათი ხელწერა, რომ რეპრესიის დაწყების წინ საზოგადოებაში უნდა შეექმნათ აზრი, რომ ეს ადამიანი როგორი ცუდი ადამიანია, როგორი კორუმპირებულია და ა.შ. შავი პიარის წინასწარი აგორება იყო მათი ხელწერა. ერთ-ერთი გადაცემის დროს მე ვუყურებ, რომ გია თორთლაძე ამბობს, რომ ამ ფედერაციის მოწილეები არიან ნინო ბურჯანაძის შვილები. წარმოგიდგენიათ? ახალგაზრდა რომ მოდის ჩვენთან ავტოსპორტში, სააკაშვილის რეჟიმისგან განსხვავებით ჩვენ არ ვეკითხებით მათი მშობლების პოლიტიკურ მრწამსს და შეხედულებებს. ამის შემდეგ დაიწყო შემოტევა. ჩემს საწარმოში შემოდის ფინანსური პოლიცია და „აღმოაჩინა“ 12 ტონა აღურიცხავი ანტიფრიზი და გვითხრეს, რომ უზარმაზარი თანხა იყო გადასახდელი. [თანხა] იმდენად დიდი იყო, რომ ვერც გადავიხდიდით და არც გადავიხდიდით. ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელეთ დავა და დამთავრდა საჯარო აუქციონით. ეს ქონება გაიყიდა“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
