ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის ტრიბუნიდან, უკვე ხელმოწერილ და მიღებულ პროექტზე, პროპაგანდისტულად ისაუბრა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა, რითაც Eagle hills-ის პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის წესით მოსმენა შეაფასა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, ირაკლი კობახიძისგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვერცერთ დასმულ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს.
„ბოლო დღემდე ვიცოდით, რომ პრემიერის ინტერპელაცია განათლების რეფორმასთან დაკავშირებით იქნებოდა, თუმცა წინა დღეს გავიგეთ, რომ თურმე ინტერპელაცია არაბულ ინვესტიციას შეეხებოდა. მან მკაფიო დავალება მიიღო და საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, უკვე ხელმოწერილ და მიღებულ პროექტზე, პროპაგანდისტულად ისაუბრა. ინვესტიციებს არავინ ეწინააღმდეგება, რადგან ამის გარეშე ქვეყნის წარმატება გარდაუვალია, თუმცა საზოგადოებაში ლეგიტიმური კითხვები არსებობდა. ეს მიწები სახელმწიფო საკუთრება იყო, ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მანამდე საზოგადოებისთვის უნდა ეკითხათ. კრწანისის ტყე-პარკს დიდი დატვირთვა აქვს თბილისისთვის, ასევე რუსთავისთვის და იმ ადგილას პატარა ქალაქის ჩაკვეხება უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. თუმცა, ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, მაგალითად: თუ რა ღირებულების არის ეს მიწა, რომელზეც ეს ქალაქი უნდა აშენდეს. ხელშეკრულებაც გასაიდუმლოებულია, რადგან იქ ბევრი რამ არის, რომელიც ხალხმა არ უნდა იცოდეს.
კობახიძე შეთანხმებული კითხვებით პარლამენტში მოვიდა იმისთვის, რომ თავი ემართლებინა და პროპაგანდისტული ლოზუნგები ესროლა – თუ რამდენად კარგია ეს ინვესტიცია, როცა ხელშეკრულება არ ვიცით“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
ასევე, დეპუტატმა, განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რა საკითხზეც ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, გუშინ, ასევე უპასუხა დეპუტატების კითხვებს. მისი თქმით, დაანონსებული ცვლილებები უმაღლესი სასწავლებლების პოლიტიზებას ემსახურება.
„ჩვენ ამ ამ სფეროს წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა და ადამიანი ვერ ვნახე, რომელიც ამ რეფორმებს დადებითად შეაფასებდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს მიგრაციას შეაჩერებსო – ანუ, უნივერსიტეტების გადატანა ემიგრაციას შეაჩერებს მაშინ, როდესაც 100 ათასობით ადამიანი ქვეყნიდან გაედინება. ასევე, 2013 წლიდან გვესმის, რომ უნივერსიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და ისმის კითხვა – „რაღა დარჩა მოუწესრიგებელი?“. გარდა ამისა, დაანონსდა, რომ პროფესორ-მასწავლებლებს უცხოეთიდან მოვიწვევთო და მეორეს მხრივ, უცხოელ სტუდენტებს საქართველოში სწავლას უზღუდავს… ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში უმაღლესი სასწავლებლების პოლიტიზებას ნიშნავს“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსმა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაც შეაფასა, რომლის თქმითაც, „არსებულ პირობებში, საქართველოს არსებული კურსით, გერმანია და ევროკავშირი გაფართოებაზე აღარ მუშაობენ და დიდი ალბათობით, დეკემბერში ევროპული საბჭო, როდესაც სახელმწიფოების მეთაურები შეიკრიბებიან, ამას დაადასტურებს“. კერესელიძის თქმით, ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, თუმცა არა მოულოდნელი.
„ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, თუმცა არა მოულოდნელი. ამ ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, აკადრა და იკადრა, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მოლოდინი, რომ ხელისუფლება რაიმეს გააკეთებს, არ არსებობს. თუმცა რის გამოც ჩვენი პარტნიორები თავს იკავებენ, ეს ქართველი ხალხია. გამოსავალი კი მხოლოდ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებაა და არა რევოლუციის გზით“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნის შესაძლებლობას, როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, მისთვის არჩევნები მისაღები იქნება თუ საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისი ნების დაფიქსირების საშუალება ექნება.
„ჩემთვის მისაღები იქნება არჩევნები, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა და არა როგორც ეს თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდა, როცა 700 000 ათასი ამომრჩეველი არჩევნებზე არ წავიდა. ეს პირები რომ არჩევნებზე წასულიყვნენ, დღეს თბილისს ოპოზიციური მერი ეყოლებოდა, თუმცა ერთადერთი, ვისაც ხალხის არჩევნებზე მისვლა არ უნდოდა, ეს „ქართული ოცნებაა“. ადგილობრივი არჩევნების წაგება იმის ბრალი იყო, რომ „ქართული ოცნების“ ოფისებში, „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერთან ერთად იწერებოდა ბოიკოტის გეგმა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნებამ“ დაინახა, რომ არჩევნები, ყველაფრის მიუხედავად, ძლივს მოიგო და ამას რაც მოჰყვა, ვნახეთ“,- განაცხადა შალვა კერესელიძემ.
ასევე პოლიტიკოსმა, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებსა და შედეგად დაკავებული პოლიტიკოსების მიერ, სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა.
„განაცხადეს მოღალატეები გვყოლიაო, მაგრამ, ალბათ, თავიანთი გუნდი იგულისხმეს. ეს ადამიანები აანონსებდნენ მშვიდობიან დამხობას, მათ შორის სამთავრობო ტელევიზიების მეშვეობით მაშინ, როდესაც ჩვენ პარტიასა და „ლელოს“ ერთი შესაძლებლობა არ გვქონია, რომ სახელისუფლებო მედიაში მივსულიყავით და ის პირები, რომლებიც გადატრიალებას ამზადებდნენ, ეთერებში ისხდნენ. ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია 4 ოქტომბრის მოვლენებმა მისცა“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
შალვა კერესელიძე, ასევე მმართველი პარტიისა და სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მათ „არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ოცნების“ კომპლექსები“ არ აწუხებთ.
„ჩვენ კომპლექსები არ გვაქვს – არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ოცნების“ კომპლექსები არ გვაწუხებს. „ნაციონალური მოძრაობა“ გვეუბნება, რომ ჩვენ ბიძინას პროექტი ვართ და ამ დროს, თუ კი ვინმეს დევნის ყველაზე მეტად და ავიწროებს, ეს ჩვენ ვართ. პარალელურად, სახელისუფლებო პარტია გვეუბნება, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ვართ, მაგრამ ვერცერთი მხარე ამას ვერ ადასტურებს. ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე კავშირი გვქონოდა, ბრიყვულად მოვიქცეოდით და ბოიკოტს შევუერთდებოდით“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.




