მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია, რაც ღირსეული შრომის პირობებსა და ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო? – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
კერესელიძემ კობახიძეს კითხა, გრძნობს თუ არა ის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამ საკითხთან დაკავშირებით.
„მინდა შეკითხვა დავსვა იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სოციალურ ჯგუფს – მაღაროელებს ეხება და რომლის მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი უკიდურესად მაღალია.
მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია, რაც ღირსეული შრომის პირობებსა და ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ. მათი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში საწარმოო პროცესი შეაჩერა. დღემდე ვერ მოხერხდა მათ მიერ წარდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
3 620 დასაქმებულიდან 2024 წლის არჩევნების შემდეგ რეპრესიული ქმედებებით – 2000 ადამიანი უმუშევრად დარჩა. ეს კიდევ უფრო ამძიმებს მათ და მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობას.
დღეს მაღაროელები სახელმწიფოსგან პასუხებს ითხოვენ. ისინი ითხოვენ უკანონოდ დაპატიმრებული კოლეგების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – ადამიანების, რომლებიც დასჯილნი არიან არა დანაშაულისთვის, არამედ უკეთესი შრომითი პირობებისთვის და ჭიათურის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისთვის.
ამ ვითარებაში რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?
გრძნობთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით? და თუ გრძნობთ, რას აკეთებთ იმისთვის, რომ ამ კალიბრის პრობლემა ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდეს?“ – განაცხადა შალვა კერესელიძემ.




