სასტუმროების ფედერაციის თანადამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი სექტორის გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი პრეზენტაცია რეალობას არ ასახავს.
დღეს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სექტორისთვის პრეზენტაცია გამართა – “ტურიზმის ინდუსტრიის შეჯამება და დაგეგმილი აქტივობები”.
ღონისძიებაზე ალავერდაშვილმა თქვა, რომ სასტუმროები იხურება და სექტორი გადარჩენას ფასების შემცირებით ცდილობს.
“ძალიან კარგი პრეზენტაცია იყო და მინდა ხოლმე, რომ ასეთი პრეზენტაციები გავაკეთოთ საერთაშორისოდ, რომ ქვეყანა წარმოჩნდეს სხვაგან კარგად და ჩვენთან, აქ ვინც ვართ, ვილაპარაკოთ ცოტა რეალურ თემებზე. ყველას ვესაუბრე ვინც მოვიდა და თბილისის მასშტაბით ეს ციფრები არ არის და ზოგადად, სხვადასხვა რეალობაში ვართ. ანუ რეალობა სხვაა, ციფრები სხვა.
განსაკუთრებით დამცინავად იყო, რომ ბოლო კვარტალი ყოფილა სასწაული ჩვენთან და რეკორდული შემოსავლები მივიღეთ. პირადად გეუბნებით, რომ 9 სასტუმრო დაიკეტა 6 თვეში და ამ ბოლო ერთ თვეში კიდევ 2 სასტუმრო დაიკეტა. ჩვენი სტრატეგია ამ ეტაპზე იცით რა არის, ოღონდ სტუმრები მოვიზიდოთ, პლატფორმებზე ფასები ისტორიულ მინიმუმზე დავწიეთ. ასეთი დაბალი ფასები, რაც ახლა თბილისის სასტუმროებშია ბოლო 30 წელია არ ყოფილა. ჩვენი სტრატეგიაა ვიღაც მაინც შემოვიყვანოთ, რომ გადავრჩეთ და კიდევ არ გავუშვათ თანამშრომლები. ესაა რეალობა, სადაც ვცხოვრობთ”,- მიმართა ალავერდაშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/maia-omiadze_w_h-Nrhnvn-300x169.jpeg)