შავ სიაში მოხვედრილი კომპანიების მფლობელმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 4,5 მილიონი ლარი მიიღო – TI

„შავ სიაში“ შეყვანილი ოთხი კომპანიის მფლობელი ტენდერებს მეხუთე ახალი კომპანიით იგებს“, – ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს და „შავი სიის“ წარმოების წესის არაეფექტურობაზე მიუთითებს.
მათივე ცნობით, ბიზნესმენმა ალექსანდრე ბარათაშვილმა სახელმწიფო შესყიდვების შავ სიას 4-ჯერ ზედიზედ უპრობლემოდ დააღწია თავი. ხოლო მას შემდეგ, რაც მისი 4 კომპანია ერთი მეორის მიყოლებით შავ სიაში მოხვდა, მან მეხუთე კომპანია დააარსა და რამდენიმე კვირაში სახელმწიფო შესყიდვებიდან კონტრაქტები მიიღო.
„ალექსანდრე ბარათაშვილის ყველა კომპანიას ერთად შესყიდვებიდან 4.5 მლნ ლარის კონტრაქტები აქვს მიღებული.
კომპანია შპს „ბარათაშვილის სამშენებლო კომპანია“ 2023 წლის 21 ივნისს დარეგისტრირდა და რეგისტრაციიდან 5 თვეში 372 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 3 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული შესყიდვის გზით. აქედან ერთი კონტრაქტი თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობამ რეგისტრაციიდან ერთ თვეში გაუფორმა. ამავე პერიოდში 4 ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და ოთხივე კონკურენტის გარეშე მოიგო. მათ შორის, ერთი ტენდერი რეგისტრაციიდან 3 კვირაში მოიგო. ყველა ელექტრონული ტენდერი დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ იყო გამოცხადებული.
აღნიშნულმა კომპანიამ, ჯამში, გამარტივებული შესყიდვებით და ელექტრონული ტენდერებით 500 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 7 კონტრაქტი მიიღო.
შპს „ბარათაშვილის სამშენებლო კომპანიის“ 100% წილის მფლობელი ალექსანდრე ბარათაშვილია, რომელიც ასევე ფლობს სხვა 4 კომპანიას: „რეალ ენერჯი“, „ამაპოლა“, „ჩემპიონი“ და „რობოტი +“. გასულ წლებში, ეს კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში აღებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო ერთი მეორის მიყოლებით შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდნენ.
შპს „რეალ ენერჯი“ შავ სიაში 2020 წლის ოქტომბერში შეიყვანეს დიდუბის რაიონის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულებების არაჯეროვნად შესრულების გამო.
შპს „ამაპოლა“ შავ სიაში 2021 წლის აპრილში შეიყვანეს სხვადასხვა შემსყიდველთან 7 ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო.
შპს „ჩემპიონი“ 2021 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა და შავ სიაში 2022 წლის ნოემბერში შეიყვანეს სხვადასხვა შემსყიდველთან 3 ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო.
შპს „რობოტი +“ 2022 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა და შავ სიაში 2023 წლის ივნისში შეიყვანეს შპს „ჰერმესთან“ დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო.
აღნიშნული შემთხვევა კარგად აჩვენებს, რამდენად არაეფექტიანად მუშაობს შავი სიის წარმოების დღეს არსებული წესი, რომლის ცვლილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მრავალი წელია ითხოვს.
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონით, რომელიც 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შედის ძალაში, შავი სიის წარმოების წესი უმჯობესდება, თუმცა ისევ შესაძლებელი რჩება შავ სიაში შესული კომპანიის მფლობელმა სხვა კომპანიით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. შესაბამისად, აუცილებელია, ყველა იმ კომპანიას შეეზღუდოს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, რომლებშიც წილს შავ სიაში მოხვედრილი კომპანიის სრული ან გარკვეული წილის მფლობელი ფლობს,“- ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ