მარკეტერების კალენდარში შავი პარასკევი მნიშვნელოვანი თარიღია, რომელსაც ისინი არასოდეს უგულებელყოფენ. იქიდან გამომდინარე, რომ კონკურენცია ამ დროს უფრო იზრდება, თითოეულ ბრენდს კრეატიული იდეების დამუშავება უწევს იმისთვის, რომ მომხმარებლის ყურადღება თავისი შეთავაზებებისკენ მიიპყროს.
ამჟამად შავი პარასკევის ციებ-ცხელებაა, კომპანიებისგან არაერთი SMS ალბათ თქვენც მოგივიდათ, ამიტომ გადავწყვიტეთ, გადავხედოთ ყველა დროის საინტერესო კამპანიას, რომლებიც ცნობილმა ბრენდებმა სხვადასხვა დროს განახორციელეს და შავ პარასკევს მიუძღვნეს.
Samsung-ის რევერსული აუქციონი
შავ პარასკევს ელექტრონიკის პროდუქტებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა, რადგან ძვირადღირებული პროდუქციის დიდი ფასდაკლებით შეძენა ხდება შესაძლებელი. 2022 წელს Samsung-მა გამოუშვა კამპანია, სახელწოდებით, რევერსული აუქციონი, რომლის ფარგლებშიც ყველა პროდუქტზე საცალო ფასი იყო დაწესებული და ის იკლებდა იქამდე, სანამ ყველა ხელმისაწვდომი ნივთი არ ამოიწურებოდა ან, სანამ მისი ღირებულება 1 დოლარამდე არ ჩამოვიდოდა.
კამპანიის პოპულარიზაცია მოხდა ვიდეოების სერიით, რომლებიც აუქციონზე მიმდინარე სიახლეებს ახალი ამბების სტილში გადმოსცემდა.
Google შავკანიანთა ბიზნესის მხარდაჭერისთვის
2020 წელს შავ პარასკევთან დაკავშირებით Google-მა წამოიწყო კამპანია, რათა მხარი დაეჭირა შავკანიანთა საკუთრებაში არსებული ბიზნესისთვის პანდემიის ფონზე. მან მოიწვია რამდენიმე არტისტი და სთხოვა, რომ შავკანიანების მფლობელობაში მყოფი ადგილობრივი ბიზნესებისთვის მუსიკალური ნაწარმოებები დაეწერათ, რომლებიც მოგვიანებით ანიმაციურ ვიდეოებად და Spotify ტრეკებად გადაიქცა.
კამპანიის მთავარი ატრიბუტი იყო შავკანიანთათვის მიძღვნილი სამკერდე ნიშანი, იგივე ბეიჯი Google Search-სა და Maps-ზე. კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ, დაემატებინათ შავკანიანთა საკუთრებაში არსებული ბეიჯი თავიანთ ბიზნეს პროფილში, ხოლო სხვა ადამიანებს მათი პოვნა შეეძლოთ მარტივად, ისეთი საკვანძო სიტყვების მეშვეობით, როგორებიცაა: „შავკანიანთა საკუთრებაში არსებული მაღაზიები“ ან „შავკანიანთა საკუთრებაში არსებული რესტორნები“.
Amazon-ის „მარტოხელა იეტი”
დასამახსოვრებელი იყო ამაზონის გასული წლის კამპანიაც. მან შექმნა ლეგენდარული Bigfoot-ის მსგავსი პერსონაჟი, რომელიც სარეკლამო რგოლში მონაწილეობს. ამ რგოლში ნაჩვენებია იეტი თავის გაყინულ ჰაბიტატში, სადაც ის არდადეგებს მარტოობაში ატარებს, თუმცა შემთხვევით წააწყდება თმის საშრობი ფენის საშავპარასკევო რეკლამას, შეიძენს მას და განახლებული გარეგნობით მიდის წვეულებაზე, სადაც მას გაოცებული ადამიანები ხვდებიან.
Walmart-ის ინტერაქციული კონტენტი
ყველა მარკეტერმა იცის, რომ ინტერაქციული კონტენტი კარგად მუშაობს, მაგრამ ისეთი რამის შექმნა, რაც მართლა შთაბეჭდილებას მოახდენს, დიდი გამოწვევაა. ამ ჭრილში თუ განვიხილავთ, საინტერესოა Walmart-ის TikTok კამპანია, რომელმაც შავი პარასკევის გაყიდვები სახალისო, საინტერესო გამოცდილებად აქცია. კამპანიამ გამოიყენა TikTok ფილტრი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა, „გაეხსნათ“ ვირტუალური გარიგებები და აღმოეჩინათ შავი პარასკევის სიურპრიზები. #Unwrapthedeals ჰეშტეგის გამოყენებით, ტიკტოკერებს შეეძლოთ, პირდაპირ ვოლმარტის ვებგვერდზე, იმ პროდუქტზე გადამისამართებულიყვნენ, რომლის შეძენაც სურდათ. კამპანია 2021 წელს ჩაეშვა და ბრენდს ფენომენალური წარმატება მოუტანა, რაც ციფრებში ასე გამოისახა: 5,5 მილიარდზე მეტი ნახვა, 18,4% ჩართულობის კოეფიციენტი.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი