“შავი ლომი” | ორი წელი ჩელენჯ თასზე

პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი “შავი ლომი”, EPCR-ის ტურნირ ჩელენჯ თასზე კიდევ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ითამაშებს.
“შავმა ლომმა” ჩელენჯ თასზე პირველად გასულ, 2023/2024 წლების სეზონში ითამაშა და უელსში, “სქარლეთსთან” ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა, ინგლისურ “გლოსთერთან” კი მცირე სხვაობით მარცხისთვის ბონუს ქულა მოიპოვა.
„მოხარულები ვართ EPCR-ის ჩელენჯ თასზე “შავი ლომის” მიპატიჟებით. რაგბის გულშემატკივრებს ექნებათ შესაძლებლობა თვალი ადევნონ ახალი ტალანტების თამაშს. დარწმუნებული ვარ ქართველების ფიზიკური სიძლიერე და თამაშის ვნება, ამ ტურნირს დამატებით ინტერესს შესძენს“ – განაცხადა EPCR-ის თავმჯდომარემ დომინიკ მაკქეიმ.
„ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა,
როგორც ქართული რაგბისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. მრავალი წლის განმავლობაში, მოედანსა თუ მის მიღმა დაუღალავად ვშრომობდით ამ შესაძლებლობისთვის. დიდი მადლობა EPCR-ს ინიციატივისთვის და ხედვისთვის, რომელიც ამ თამაშის გლობალურ განვითარებას ემსახურება. პირადად ჩემგან დიდი მადლობა დომინიკ მაკქეის და მის შესანიშნავ გუნდს შრომისა და მხარდაჭერისთვის“ – აღნიშნა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.
ჩელენჯ თასის 2024/25 წლების სეზონში, შარშანდელის მსგავსად 18 კლუბი მიიღებს მონაწილეობას და ისინი სამ 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდებიან. ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 2 ივლისს გაიმართება.
Rugby.ge