“შავი ლომი” | არის რევანში – “ჩიტასი” დამარცხებულია

‘შავმა ლომმა’ Toyota Chellenge-ს პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკული ‘ჩიტასი’ 39:38 დაამარცხა და ზაფხულში ბორჯღალოსნების დამარცხებისთვის რევანში აიღო.
ბლუმფონტეინში, „ტოიოტა სთედიუმზე“ გამართული შეხვედრა სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. გუნდთან, რომელმაც ახლახანს დასრულებულ ქარი ქაფზე მესამე ადგილი დაიკავა, ‘შავი ლომი’ დროის უმეტესი წილი დომინირებდა. ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკელ მეტოქეს აღემატებოდა ფიზიკურობაში და კონტაქტის არეში, მაღალ ტემპში, უნარიანად უტევდა ხელდახელ და დამსახურებული გამარჯვება ჩაიწერა.
თუმცა იყო შეცდომებიც, რის გამოც ‘ჩიტასმა’ პირველ ტაიმში სამი მარტივი ლელო გაიტანა, ბოლო წუთსა და გაწითლებულ დროზე კი ჩვენი მოდუნებით ისარგებლა და ორ წუთში ორი ლელო მიითვალა, მაგრამ რაგბის ღმერთმა არ გაგვწირა და აცილებული გარდასახვების შემდეგ ‘შავმა ლომმა’ დამსახურებული გამარჯვება იზეიმა.
თამაში ქართველების შეტევებით დაიწყო, ‘ჩიტასი’ ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმდა და ლუკა ცირეკიძემ ახლოდან ანგარიში გახსნა. სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, თუმცა მე-13 წუთზე დაშვებულ შეცდომას სწრაფი კონტრშეტევა მოყვა და თავგანწირული ბოჭვების მიუხედავად ლელო მივიღეთ, რასაც რთული პოზიციიდან ზუსტი გარდასახვა მოყვა. შეხვედრა რომ განახლდა სწრაფად დავბრუნდით მეტოქის ნახევარზე, მოლით 5-მეტრიან წყვეტილს ვუწიეთ, რასაც ფორვარდების რამდენიმე დარტყმა და სანდრო მამამთავრიშვილის ძალისმიერი ლელო მოყვა. ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა მიზანს მცირედით ასცდა.
დომინაციის მიუხედავად 28-ე წუთზე მეორე ლელო მივიღეთ. მოედნის ცენტრში ზედიზედ ორჯერ დავჯარიმდით, ‘ჩიტასი’ მეორედ გადმოვიდა ჩვენს ნახევარზე, დერეფნიდან ბურთი ხაზზე გავიდა და ფეხით მოკლეზე გადაკიდებას მარტივი ლელო მოყვა. ‘შავმა ლომმა’ მალე უპასუხა. 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებულ მოლს მორკინალების დარტყმები და ირაკლი ქვათაძის ლელო მოყვა, ცირეკიძემ კი გარდასახვით უპირატესობა დაგვიბრუნა.
ტაიმის ბოლოს მეტოქის ძალისმიერი შეტევა მოვიგერიეთ, მაგრამ უკვე გაწითლებულ დროზე ცენტრში ზედიზედ ორჯერ დავჯარიმდით და კახა დარბაიძე ყვითელი ბარათით დაისაჯა. ‘ჩიტასმა’ კიდევ ერთი შანსი მიიღო, დერეფნის შემდეგ ბურთი საპირისპირო ფრთაზე ჩათამაშდა, სადაც ხაზი მარტივად გაიჭრა და მასპინძლებმა ტაიმი 21:15 მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ჩიტასმა’ რიცხობრივი უპირატესობა კიდევ ერთხელ გამოიყენა და მეოთხე ლელო ძელებსშუა გაიტანა. მაგრამ ამან ‘შავი ლომი’ არ გატეხა და ჯერ კიდევ კაცნაკლულმა ლელოთი უპასუხა: სანდრო მამამთავრიშვილმა მეტოქეს ბურთი გამოგლიჯა, თენგიზ პერანიძემ მიხეილ ბაბუნაშვილს დაარტყმევინა, რომელმაც პირველი მბოჭავი კონტაქტით ჩამოიცილა და მაგრად იარა, 5-მეტრიანთან საქმეში გიორგი სინაურიძე ჩაერთო და სამი მეტოქით გარშემორტყმულმა ძელებსშუა ძალისმიერი ლელო შეიტანა. ცირეკიძემ გარდასახა.
54-ე წუთზე ‘შავმა ლომმა’ ულამაზესი ლელო გაიტანა. ცირეკიძემ ცენტრში ჩაჭრა გადაცემა, სწრაფი კონტრშეტევა ოფლოუდებით და სწრაფი გადაცემებით გაგრძელდადა აკა ტაბუცაძის ლელოთი დასრულდა. ამ შეტევაში თითქმის მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და ყველა მორაგბემ იდეალურად ითამაშა. გარდასახვა არაზუსტი იყო. 61-ე წუთზე ჩვენმა გუნდმა ლიდერობა დაიბრუნა. მასპინძლებმა მოლი რომ შეგვიჩერეს ბურთი შალვა აფციაურმა გამოიტანა და იქვე შეუტია, რაქის შემდეგ საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ და დათო აბდუშელიშვილმა თავისი პირველი ლელო გაიტანა. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო.
71-ე წუთზე უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. პერანიძის მოკლეზე გადაკიდებულ ბურთს სანდრო თოდუა დაეუფლა და 5-მეტრიანში შევიდა, რაქიდან კვლავ აბდუშელიშვილმა შეუტია და თავისი მეორე ლელო გაიტანა, ოთარ მეტრეველმა კი გარდასახვით ჩვენი უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა. ბოლო წუთზე ‘ჩიტასმა’ შემოგვიტია და გიორგი ნიკოლაძის სინბინის შემდეგ მეტოქემ მოლი ლელოთი დააგვირგვინა. გაცუდებული გარდასახვის შემდეგ სათამაშო დრო ამოწურული იყო, თუმცა მსაჯმა თამაშის გაგრძელება ბრძანა, ჯარიმის შემდეგ სამხრეთ აფრიკელები ჩვენს 22-ში კიდევ ერთხელ შემოვიდნენ და მართალია მოლი შევუჩერეთ, თუმცა მოკლე ფრთაზე ზედ ალამთან ლელო მაინც მივიღეთ. მასპინძლებმა გარდასახვა ვერც ამჯერად გაიტანეს და ‘შავმა ლომმა’ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა – 39:38.
‘შავი ლომი’ იმავე ‘ჩიტასს’ 26 ოქტომბერსაც შეერკინება და ამჯერად შეხვედრა 17 საათზე დაიწყება.
Toyota Chellenge. 17 ოქტომბერი
სამხრეთ აფრიკა. ბლუმფონტეინი. „ტოიოტა სთედიუმი“
ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) – შავი ლომი (საქართველო) 38:39 (21:15)
შავი ლომი
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13.ზაურ ლუტიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. გიორგი ნიკოლაძე, 20. ლაშა ციხისთავი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ალექსანდრე თოდუა, 23. ლუკა თაყაიშვილი.
6 ლელო: მამამთავრიშვილი, ქვათაძე, სინაურიძე, ტაბუცაძე, აბდუშელიშვილი (2)
3 გარდასახვა: ცირეკიძე (2), მეტრეველი
1 ჯარიმა: ცირეკიძე
Rugby.ge
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
“შავი ლომი” | სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით
“შავი ლომი” | “ჩიტასთან” ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
“შავი ლომი” | მიხეილ ბაბუნაშვილი – ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ “შავი ლომი” “ბენეტონთან” დამარცხდა
“შავი ლომი” – სამხრეთ აფრიკაში “ჩიტასთან” ორი ტესტისთვის
“შავი ლომი” | სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით