ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველო სანდო და პროაქტიული პარტნიორია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შეთანხმების განხორციელებაში და მტკიცედ უჭერს მხარს აღნიშნული დერეფნის ხედვას, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპულ მწვანე შეთანხმებასა და სათბურის გაზების ემისიების შემცირების საერთო მიზნების მიღწევაში. ამ საკითხებზე მარიამ ქვრივიშვილმა „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში გაიმართა.
„საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, ხელი შეუწყოს რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც აძლიერებენ ურთიერთდაკავშირებასა და მდგრადობას. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც მწვანე ენერგეტიკული დერეფნის თანამშრომლობის საფუძველი გახდა, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით აქტიურად გრძელდება. სრულმასშტაბიანი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასრულების შემდეგ, ამჟამად მიმდინარეობს მზადება ფსკერის დეტალური კვლევებისთვის – ეს არის გარდამტეხი ნაბიჯი, რომელიც გზას გაუხსნის განვითარების მომდევნო ფაზას“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების მონაცემები გაზიარებული იქნება მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტისთვის მონაწილეებისთვის, რაც შექმნის სინერგიას და ამავდროულად, გააძლიერებს ტრანსრეგიონული მწვანე ენერგეტიკული ქსელის ფართო ხედვას.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

