შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალური შესწავლისთვის მსოფლიო ბანკის ჯგუფმა საქართველოს ფინანსური რესურსი გამოუყო

შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალური შესწავლისთვის მსოფლიო ბანკის ჯგუფმა საქართველოს ფინანსური რესურსი გამოუყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, პროექტის განსახორციელებლად IBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 32,400,000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი სესხის სახით.
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება – „შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალური შესწავლა“ (ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის მეშვეობით მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა).
შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
პროექტის განსახორციელებლად IBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 32,400,000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი სესხის სახით.
პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ დეტალურ შესწავლას, ასევე ტექნიკურ დახმარებას, ინსტიტუციურ, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში.
პროექტს განახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გიგინეიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა ასევე ხელი მოაწერეს საპროექტო შეთანხმებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.