თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც კოორდინაციას გაუწევს შავ ზღვაში, მათი ტერიტორიული წყლების ნაღმებისგან გაწმენდას, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა.
„ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ ხელი მოვაწეროთ პროტოკოლს სამ ქვეყანას შორის შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად საბრძოლველად, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესების გზით“, – განაცხადა გიულერმა სტამბოლში რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან ანგელ ტილვერთან და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ატანას ზაპრიანოვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
შავი ზღვის განაღმვის შესახებ მოლაპარაკებები 2022 წლის აპრილში დაიწყო, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ უკრაინა, საქართველო და პოლონეთი. მაგრამ მხოლოდ ბულგარეთის, თურქეთისა და რუმინეთის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა მოლაპარაკებების ფინალურ ეტაპზე, განიხილეს თუ როგორ უნდა მოხდეს შავი ზღვის ერთობლივად გაწმენდა ნაღმებისგან, რომლებიც გემებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შავ ზღვაში ათობით მცურავი ნაღმი განადგურდა, როგორც უკრაინული ძალების, ასევე ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის მყვინთავების მიერ.
გასული წლის დეკემბერში გიულერმა განაცხადა, რომ ნაღმებმა თურქეთის სრუტეებამდე მიაღწიეს.
უკრაინის ხელისუფლებამ იტყობინება, რომ ახალი წლის წინ, პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი შავ ზღვაში რუსეთის ნაღმმა ააფეთქა. გემბანზე ხანძარი გაჩნდა და ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა.
ოქტომბერში რუმინეთის სანაპიროებთან თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ნაღმს დაეჯახა.
კიევი რუსეთს შავი ზღვის დანაღმვაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ რუსი სამხედროების მიერ დაყენებული ნაღმები აკვატორიაში ცურავს.
თავის მხრივ, რუსეთი „შავი ზღვის სანაპირო წყლების უწესრიგო დანაღმვაში“ უკრაინას ადანაშაულებს.