ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნასთან დაკავშირებით, სადაც კლინიკა ვივა მედზე და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეა საუბარი, ენმ-ის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, შავით თეთრზე წერია, რომ ადგილი აქვს მესამე პრეზიდენტის მიმართ დამამცირებელ მოპყრობას:
“დასკვნაში შავით თეთრზე წერია , რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამაზე მეტს ევროპული წამების საწინააღმდეგო კომიტეტი უბრალოდ ვერ დაწერს. დოკუმენტში, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები გათანაბრებულია დაჩაგვრასთან, დამცირებასთან და მეტიც, ისინი ამბობენ, რომ ვივა მედის ექიმები კი არ ღებულობენ გადაწვეტილებას, პენიტენციური დაწესებულება, ანუ სუს-ი ღებულობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე.” თქვა ხაბეიშვილმა.
ენმ-ის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა:
“მე მინდა მივმართო რუს ოლიგარქს. შეშინებულს, სოროდან გამომძვრალ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს რომ მაგარი და ძლიერია და ხალხის მხარდაჭერა აქვს. თუ არ გეშინია, თუ მუხლები არ გიკანკალებს, მაშინ გაათავისუფლე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელზეც სრულიად ცივილიზებული სამყაროა შეთანხმებული, რომ პოლიტიკური პატიმარია და მიეცი შესაძლებლობა, ელაპარაკოს მის ხალხს. შენ ხომ ყველა შესაძლებლობა გაქვს. ძალოვანი უწყებები, სუს-ი, შსს, მილიარდები, ფარცხალაძე, რუსეთის აგენტურა… ხო ყველაფერი შენ ხელშია? თუ არ გეშინია, გამოუშვი პრეზიდენტი სააკაშვილი. მოგიწევს ამის გაკეთება ადრე თუ გვიან. მოგიწევს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, თუ შენ ამას არ გააკეთებ და ქართველი ხალხი 2024 წელს, აუცილებლად დააღწევს თავს რუსულ პარტიას.” ამბობს ხაბეიშვილი.
წამების პრევენციის ევროპული კომისიის დასკვნა კლინიკა “ვივა მედის” დაცული პალატების შესახებ დღეს გამოქვეყნდა. დასკვნაში ნახსენებია მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნულია, რომ „ვივა მედში“ არსებული მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ამავე ანგარიშში წერია, რომ დაწესებულებაში პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის მიმართ პატივისცემის სრული ნაკლებობაა. კიდევ ერთი ხარვეზი იყო ის, რომ კლინიკას არ ჰყავდა დასაქმებული არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგი. კომიტეტი აკრიტიკებს ვივა მედის კლინიკაში მიღებულ უსაფრთხოების გადაჭარბებულ ზომებსაც, რაც კომიტეტის თქმით, შეუთავსებელია თერაპიისთვის და ასევე აზიანებს ნდობას პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კლინიკა პაციენტებს ვერ სთავაზობს შესაბამის თერაპიულ გარემოს, რადგან “საბოლოო სიტყვა არა ექიმებზე, არამედ პენიტენციურ სისტემაზეა”.