ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიმართვას ავრცელებს, რომელშიც საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ხაზს უსვამს და აღნიშნავს, რომ “რამდენიმე დღეში საქართველოს ექნება შანსი უარი უთხრას, ბოლო 12 წლის შეუსრულებელ დაპირებებს”.
ვრცელ მიმართვაში ხაზარაძე მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ყველაფერი ხალხის ხელშია.
ხაზარაძის მიმართვა სრულად:
“მეგობრებო, კვირის ბოლოს ჩვენი ქვეყანა ახალ პარლამენტს და ახალ მთავრობას აირჩევს. რამდენიმე დღეში საქართველოს ექნება შანსი უარი უთხრას ბოლო 12 წლის შეუსრულებელ დაპირებებს. ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ მთავრობას, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს. უარი ვუთხრათ ისეთ მომავალს, რომელშიც უამრავი ქართველი იძულებული იქნება დატოვოს ქვეყანა.
ამის ნაცვლად ჩვენ გვაქვს შანსი მხარი დავუჭიროთ სწორ იდეებს – ევროპას, სამუშაო ადგილების შექმნას, მაღალ ხელფასებსა და პენსიებს, პერსპექტივას ახალგაზრდებისთვის და რეალურ, კოალიციურ დემოკრატიას. გადამწყვეტი არჩევანის მოახლოებასთან ერთად, ამომრჩევლებისგან ძირითადად ორ წუხილს ვისმენ.
პირველ რიგში, ბევრ ამომრჩეველს აღარ უნდა პოლიტიკოსების დაპირებების მოსმენა. ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელმა დაპირებებმა, როგორიცაა უფასო ფული, 100 ქარხანა და მრავალი სხვა, საქართველოს მოქალაქეებს დააკარგვინა რწმენა, რომ მთავრობა ხალხისთვის რამეს გააკეთებს.
ვერ გეტყვით, რომ საზოგადოების ნდობისთვის მიყენებულ 12 წლიან ზიანს, დაუყოვნებლივ გამოვასწორებთ, მაგრამ მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს კოალიციას, ძლიერ საქართველოს, ნომერ 9-ს.
ამ არჩევნებზე ჩვენ ვისახავთ 3 მთავარ მიზანს:
პირველი, ეს არის რუსეთის გავლენისგან საქართველოს გათავისუფლება დაუყოვნებლივ და ევროპული გზის გაგრძელება.
მეორე, პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა!
მესამე, 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, მეგა-პროექტების განხორციელება, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სხვა დიდი პროექტები.
დღეს, თქვენს წინაშე, მინდა ავიღო ვალდებულება არამხოლოდ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ, არამედ იმაზეც, როდის შევასრულებთ ამ დაპირებებს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ძლიერი საქართველოს ლიდერობით შექმნილი მთავრობა გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს პირველ სამ კვირაში, სამი პრიორიტეტის შესასრულებლად.
პირველ რიგში, ევროკავშირში ინტეგრაცია: პირველ სამ კვირაში ჩვენი ხელისუფლება გააუქმებს რუსულ კანონს და დაიწყებს ევროკომისიის მოთხოვნების 9 პუნქტიანი გეგმის შესრულებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
მეორე, პენსიები: პირველ სამ კვირაში, ჩვენი კოალიციური შეთანხმების ფარგლებში, მივიღებთ ისეთ ბიუჯეტს, რომელიც გზას გაგვიხსნის 1000 ლარიანი პენსიისკენ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა როგორ გავზარდოთ პენსია, მათ შორის კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესის გადასახადების გაზრდით.
და მესამე, დასაქმება: პირველ სამ კვირაში ჩვენ დაჩქარებული წესით შევიტანთ შესწორებებს კანონში და მოხდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლირებადი, სახელმწიფო კომპანიის ჩამოშორება პროექტიდან. ამის შემდეგ, ჩვენ ხელახლა ჩავატარებთ ანაკლიის პორტის ტენდერს, რათა შეირჩეს დასავლური, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია და ანაკლიის პორტის მშენებლობა სწრაფად დასრულდეს.
აქვე მინდა გითხრათ, ჩვენი გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები საქართველოს მოქალაქეები გახდებიან. რაც ნიშნავს იმას რომ ანაკლიის პორტის აქციების შეთავაზება მოხდება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ანაკლიის პორტის, ანაკლია სიტის და სხვა მეგა-პროექტების დაწყებით, საქართველოში ათიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ანაკლიის პროექტი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის ისტორიული ფუნქციის დაბრუნება, არამედ ქვეყნის ძირითადი დოვლათის და სამუშაო ადგილების შემქმნელი ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი. თავში ვთქვი, რომ მოქალაქეებს ორი ძირითადი წუხილი აქვს და მეორე რასაც ამომრჩევლებისგან ვისმენ ევროპულ პერსპექტივას ეხება.
ჩემთვის სრულიად გასაგებია რატომ არიან მოქალაქეები შეშფოთებული. შეხედეთ ევროპელი ლიდერების ბოლო განცხადებებს.
ევროკავშირის 13 ქვეყანა ღიად და ოფიციალურად გვეუბნება, რომ საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეცვლის კურსს.
ეს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის – ამიტომ ჩვენ, ხალხმა უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. ასე რომ, თუ გსურთ ევროპული მომავალი მეტი სამუშაო ადგილებით, უკეთესი ხელფასებით, მაღალი პენსიით, ნაკლები კორუფციით და ადამიანის დაცული უფლებებით – მაშინ ყველა ეს შესაძლებლობა თქვენს ხელთაა და 26 ოქტომბერს, შაბათს ეს რეალობად უნდა ვაქციოთ.
შაბათს ჩვენ გვაქვს ხელისუფლების შეცვლის შანსი. ჩემი დიდი სურვილია, რომ ძლიერი საქართველო – ნომერი 9 იყოს თქვენი არჩევანი, მაგრამ ამავე დროს, პატივს ვცემ თქვენს ნებისმიერ არჩევანს, რომელიც შეცვლის ამ ხელისუფლებას! ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არჩევნებზე წახვალთ და ხმას მისცემთ, რადგან თუ ასე არ მოიქცევით, მეორე დღეს იქნებით იმედგაცრუებულები, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შანსი ხელიდან გავუშვით.