ყურძნის ჩასაბარებელ პუნქტებთან გრძელი რიგებია. მევენახეებს მანქანებში ჩაწყობილი ასობით კილო ყურძენი უფუჭდებათ. პუნქტებთან მისულებს ხშირად 5–6 დღე ლოდინი უწევთ, რის გამოც მოსავალი წონაში იკლებს და ჩაბარების ფასიც ეცემა.
მევენახეების თქმით, მდგომარეობა კახეთშიც და ამბროლაურშიც მძიმე და არაორგანიზებულია. მიღებული თანხა, მრავალთვიანი შრომის მიუხედავად, ხარჯებსაც ვერ ფარავს, რაც სექტორში უკმაყოფილებას ზრდის.
ყველა ქარხანასთან გუშინ, გუშინ წინ, რიგები იყო. გადაივსო უკვე. კი გააქვთ, მაგრამ ვერ გააქვთ რაოდენობით. ქარხნები უნდა იყოს მეტი, რომ მოსავალი ჩაიბარონ, უკვე ბევრი გაფუჭდა, 2-3 დღე-ღამე გვიწევს ლოდინი, – ამბობს მოქალაქე.
ყველა ერთად კრეფს, მაგრამ არის შემთხვევები, რომ მარნებზეა პრობლემა. არ მუშაობს ყველა საწური, რაც აქვთ და მუშაობს ხან 1-2 საწური, სხვა საწურები გაჩერებულია და იქმნება ეს რიგები. არის შემთხვევები, როცა 24 საათზე მეტ ხანს უწევს ადმაიანს რიგში ყოფნა, რაც, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა. ვწვალობთ ძალიან. ფასი 1 ლარიდან 1.2-მდე მერყეობს. წესით, მეტი უნდა იყოს, ხარჯებს ფარავს, მოგებას არ გვიტოვებს, – ამბობს კიდევ ერთი მევენახე.
გურჯაანის მსგავსად, ამ კუთხით, პრობლემებია რაჭაშიც. ამ დროისათვის ყურძნის ჩაბარების მხოლოდ ერთი პუქნტი არსებობს, სადაც არ არის სპეციალური ინვენტარი ყურძნის ასაწონად. მათი თქმით, სწორედ ამიტომ რამდენიმე დღის განმავლობაში რიგში დგომა უწევთ.
დაახლოებით 400-მდე ადამიანია რიგში ჩაწერილი და მნიშნელოვანი დეტალია ის, რომ დღეში ალბათ შესაძლებელია, გავიდეს 10 მანქანა ჯამურად. როდესაც ყურძენი იკრიფება და ამდენი დღის განმავლობაში უბრალოდ ალაგია, ჰკარგავს იმ წონას, რაც დაკრეფვიდან მალევე შეიძლებოდა, ჰქონოდა. ეს უკვე მნიშნელოვანი ზარალია გლეხისთვის. თუკი შეეძლო სახელმწიფოს, რომ კერძ მარანისთვის დაევალებინა, რომ მაგალითად, შენთან შემოვიდეს და შენთან აიწონოს, ამ შემთხვევაში, ასე არ მოიქცნენ, – ამბობს ადგილობრივი.