სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე ხეცურიანი ყურძნის სუბსიდირებას არ ეთანხმება.
„ყურძნის სუბსიდირება, აბსოლუტურად სოციალური პროექტია და კავშირი არ აქვს ღვინის ბიზნესთან. ჩემი აზრით, ყურძნის ე.წ. ჩაბარების არასწორი პრაქტიკაა. აქ საუბარია, რომ რაც შეიძლება მეტი მოსავალი მიიღოს, რომ ჩააბაროს. მონეტიზაცია სად შეიძლება რომ მოხდეს – ყურძნით თუ ღვინით? როცა გლეხმა იცის, რომ მას შეუძლია, სადღაც ჩააბაროს ყურძენი, რა თქმა უნდა ცდილობს მონეტიზაცია გააკეთოს ყურძნით.
ძალიან საინტერესო მგონია კოოპერატივების მოდელი. მისი მხარდაჭერა იქნებოდა ფანტასტიკური. ეს ყველა ქვეყანაში რთულია, მათ შორის გერმანიაშიც, მაგრამ გერმანიაში უკვე ერთ-ერთი საინტერესო მოდელია განსაკუთრებით საშუალო და დაბალფასიან ღვინოებში. გლეხმა თუ იფიქრა, მოდი მე მონეტიზაციას ღვინოში გავაკეთებ და არა ყურძენში, მაშინ ეს თემა ისეთი აქტუალური არ იქნებოდა. მაგრამ ეს ისეთი რამ უნდა იყოს, რომ გლეხმა მართლა ღვინო აწარმოოს, ნორმალური ღვინო და ეს არ იყოს სახლის ღვინის დონე, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაავადებულია ხოლმე. აქ მიდის სწორედ ის, რაც მე არ მომწონს, ქვევრის ფენომენის ექსპლუატაცია – ეს ქვევრია, მამა-პაპები ასე აკეთებდნენ და ამ დროს ღვინო შეიძლება ძალიან დაავადებული იყოს“, – განაცხადა შალვა ხეცურიანმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში.
