ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა წელს 390 მილიონ ლარს მიაღწია – პრემიერი

წლევანდელი რთველი იყო ძალიან წარმატებული, გვქონდა რეკორდული, უპრეცედენტო შედეგები, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, წელს გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის, 320 000 ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„მოსავალი ღვინის საწარმოებს 21 3000-ზე მეტმა მევენახე-ფერმერმა ჩააბარა. კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში გადამუშავდა 290 ათას ტონაზე მეტი ყურძენი და ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 390 მილიონ ლარს მიაღწია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მევენახისთვის, ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ განვახორციელეთ სუბსიდირება, იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ დარგის განვითარებას, მათ შორის, საფერავზეც, რამაც ხელი შეუწყო მათ შორის მოსავლის დროულად დაბინავებას და გაიზარდა ჩვენი ფერმერებისა და გლეხების შემოსავალი. რთველის საორგანიზაციო შტაბმა უზრუნველყო მოსავლის შეუფერხებელი დაბინავება. ჯამში, 600 კომპანია იყო ჩართული ღვინის ჩაბარების პროცესში. მათ შორის როგორც ღვინის მსხვილი მწარმოებლები, ისე საშუალო და მცირე მარნები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. 2024 წლის მოსავალი, ასევე გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია. ღვინის კერძო სექტორი ორიენტირებული იყო ხარისხიანი ყურძნის შეძენაზე და შესაბამისადმიმდინარე წლის მოსავლის ღვინოებიც გამორჩეული, მრავალფეროვანი და განსაკუთრებულად ხარისხიანი იქნება. ეს არის ჩვენი ეკონომიკის გამორჩეულად მნიშვნელოვანი დარგი, რომლის განვითარებაც პირდაპირაა დაკავშირებული, ზოგადად, ქართული სოფლის გაძლიერებასთან და ამ მიმართულებით ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.