სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი, არჩილ მორჩილაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ყურადღებას უნდა აქცევდეს, თუ რა სტადარტით გაივლიან სამედიცინო დაწესებულებები საერთაშორისო აკრედიტაციას.
როგორც ის აღნიშნავს, საქართველოში მრავალი ორგანიზაცია მოქმედებს, რომლებიც კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებაში ეხმარებიან, თუმცა უნდა ხდებოდეს მონიტორინგი, რადგან ყველა სტანდარტი საერთაშორისოდ აღიარებული არ არის.
ცნობისთვის: სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2024 წლის ბოლომდე უნდა მოეპოვებინათ საერთაშორისო აკრედიტაცია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ, სამედიცინო დაწესებულებებს, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის, დამატებითი ვადა მისცა. საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი სტაციონარულრმა დაწესებულებებმა 2025 წლის 1 მაისამდე უნდა წარადგინონ.
“დღეის მდგომარეობით, 1 მაისამდე ჩვენი ორგანიზაციის კლინიკებიდან, სავარაუდოდ, ყველა მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას, შეიძლება იყოს რამდენიმე გამონაკლისი, რომელმაც უბრალოდ ვერ შეძლეს გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება. ჩვენი გაერთიანება, ამერიკის აკრედიტაციის კომისიასთან ერთად ეხმარება კლინიკებს იმ სტანდარტების დანერგვაში, რომლებიც აკრედიტებულია ხარისხის საერთაშორისო ასოციაციის მიერ და საქართველოში მოქმედი მააკრედიტებელი ორგანიზაციებიდან ყველას არ აქვს ეს შეთავაზება.
უნდა მიექცეს ყურადღება, რომელი სტანდარტითაა ესა თუ ის კლინიკა აკრედიტებული, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში პაციენტმაც იგრძნოს ეს სარგებელი. მთავარი ისაა, რომ აკრედიტაცია ამცირებს ადამიანური შეცდომების რაოდენობას 30%-მდე. აკრედიტაცია არ ნიშნავს, რომ ამა თუ იმ კლინიკაში ყველა სახის ძალიან მაღალი დონის სამედიცინო დახმარების მიწოდება ხდება, ეს დამოკიდებულია კლინიკის რესურსებზე. აკრედიტაცია ვერ შედის მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში, თუ მოხდა პროცესის არასწორად წარმართვა, ამის გარანტორი მაკრედიტებელი არ არის, ამიტომ სწორი მოლოდინები უნდა შევიქმნათ”, – ამბობს არჩილ მორჩილაძე.
მორჩილაძე აღნიშნავს, რომ კლინიკებში, რომლებიც სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების დახმარებით მიიღებენ აკრედიტაციას, ყოველწლიური მონიტორინგიც ჩატარდება.
“ამერიკის აკრედიტაციის კომისიას აქვს პერიოდული, ყოველწლიური შემოწმება. აპრილიდან ვიწყებთ ამ პროცესის გატარებას იმ კლინიკებში, რომლებმაც ეს აკრედიტაცია უკვე მიიღეს. დიდ წილად უკვე გავაფრთხილეთ კლინიკები, რომ ზუსტად პერიოდული აკრედიტაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ძალიან მოკლე დროში, 1-1.5 წელიწადში, ზოგმა 6-9 თვეში მოასწრეს აკრედიტაციის მიღება და მონიტორინგი აქედან გამომდინარე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. მივალთ ყველა კლინიკაში და ვნახავთ, როგორ მიდის პროცესები”, – ამბობს მორჩილაძე.
კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის აუცილებლობაზე ჯანდაცვის სამინისტრო 2022 წლიდან საუბრობს. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების ვალდებულება 2025 წლიდან ექნებოდათ, თუმცა მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი სტაციონალურმა დაწესებულებებმა 2025 წლის 1 მაისამდე უნდა წარადგინონ, ამბულატორიებისთვის კი ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. რაც შეეხება თავად სტანდარტებს, საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე.
