„ყულევის ნავთობსაწარმო გოგირდმჟავასაც აწარმოებს“

„ნავთობგადამამუშავებლის აშენება ჩვენი დიდი ხნის სურვილია, რომლის რეალიზებაც ახლა ხერხდება,“- ამბობს ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ უფროსი მკვლევარი ლიანა ჯერვალიძე ყულევის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაზე.
საუბარია, პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი” აშენებს. მისი ამოქმედება 2025 წლის მარტიდან იგეგმება.
„ნავთობგადამამუშავებლის აშენება ჩვენი დიდი ხნის სურვილია, რომლის რეალიზებაც ახლა ხერხდება. როდესაც დასრულდება, მას ექნება ნავთობის მიღების შესაძლებლობა როგორც რკინიგზით, ისე ზღვიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია, მაღალი ხარისხის ბენზინსა და საავიაციო საწვავზე. ბოლო ეტაპზე საუბარია გოგირდმჟავას წარმოებაზე, შესაბამისად, საუბარია გოგირდის შემცველ ნავთობზე, რაც საინტერესო იმითაც არის, რომ გოგირდმჟავა გამოიყენება ფოსფატური სასუქების გამოსაყენებლად და მას აუცილებლად ექნება თავისი ბაზარი. ასევე გოგირდმჟავა გამოიყენება ბატარეების წარმოებისთვისაც. როდესაც წლიური გადამუშავებით 4 მლნ ტონაზე გავა, შეძლებს არამარტო შიდა ბაზრის დაკმაყოფილებას, არამედ ექსპორტზეც გავა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს 2028 წელს უკვე შესაძლებელი იქნება,“ – განაცხადა ჯერვალიძემ.
ცნობისთვის, ყულევში საინვესტიციო პროექტის განხორციელებას თავდაპირველად Socar Georgia Investments-ი გეგმავდა. აზერბაიჯანულ კომპანიას ადგილზე თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდა შეექმნა და კარბამიდის ქარხანა აეშენებინა. თუმცა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ აღნიშნული პროექტის განხორციელება საბოლოოდ გადაიფიქრა, 2016 წელს კი „სოკარის“ ვალდებულებები კომპანია “ფაზის ოილმა” გადაიბარა.
კომპანია “ფაზის ოილი” ყულევის ნავთობგადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობის დაწყებას 2021 წლიდან გეგმავდა. თუმცა, ინვესტორმა ვალდებულებები ვერ შეასრულა და სახელმწიფოსგან 20 მლნ დოლარზე მეტის ჯარიმაც დაეკისრა. 2023 წელს კი, ცნობილი გადახდა, რომ ყულევში პროექტის განხორციელების უფლება ახალ ინვესტორს „ბლექ სი პეტროლიუმს“ გადაბარდა.
წინა ინვესტორი კომპანია „ფაზის ოილი“ კი დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდა. რაც შეეხება ინვესტორ კომპანიას, „ბლექ სი პეტროლიუმი“ 2022 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის 70%-იანი წილი მაკა ასათიანს ეკუთვნის, 30% კი შპს TRADE STONE IBERIA-ს, რომლის ასევე 70%-იანი წილის მფლობელი არის მაკა ასათიანი, 10%-იანი წილი – სოფო თავართქილაძეს, ხოლო 20% შპს „თრეიდ სთოუნ იბერიას“ საკუთრებაშია.
წყარო: bpn.ge