ყოფილ საჯარო მოხელეებს საჯარო რეესტრმა ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარი ხელმეორედ უთხრა
საჯარო მომსახურეთა პროფესიული კავშირის რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრმა ყოფილ საჯარო მოხელეებს კიდევ ერთი უარი უთხრა – საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული პირების განცხადების თანახმად, მათ ამჯერად ორგანიზაციისთვის შერჩეული სახელი დაუწუნეს.
როგორც ყოფილმა საჯარო მოხელეებმა ბრიფინგზე თქვეს, საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პროფესიული კავშირის სახელი უმნიშვნელოდ შეცვალეს და საჯარო რეესტრში 2025 წლის 12 ივნისს კანონმდებლობით გათვალისწინებული ახალი სარეგისტრაციო დოკუმენტი წარადგინეს, თუმცა უწყებისგან მაინც უარი მიიღეს.
ყოფილი საჯარო მოხელეები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს მოუწოდებენ, რომ კეთილსინდისიერად შეისწავლონ წარდგენილი დოკუმენტები და განაახლონ სარეგისტრაციო წარმოება.
“ორგანიზაციის რეგისტრაციაზე ბოლო უარის საფუძვლად საჯარო რეესტრის მხრიდან დასახელდა პროფესიული კავშირის სახელწოდება, რომელიც უწყების განმარტებით, სხვა იურიდიული პირების სახელწოდების მსგავს ტერმინებს შეიცავდა. საჯარო რეესტრის მიერ განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი გადაწყვეტილებით, უმნიშვნელოდ შეიცვალა პროფესიული კავშირის სახელი და 2025 წლის 12 ივნისს რეესტრში წარდგენილ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ახალი სარეგისტრაციო დოკუმენტები. მივმართავთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს და მოვუწოდებთ, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეისწავლონ წარდგენილი დოკუმენტები და განაახლონ სარეგისტრაციო წარმოება”. – განაცხადეს საჯარო მოხელეებმა.
ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს, “პირველებთან” ამბობენ, რომ საჯარო რეესტრიდან მიღებული უარის მიზეზი რეალურად არა ორგანიზაციის სახელში, არამედ საჯარო მომსახურეთა პროფესიული კავშირის სამომავლო მიზნებშია.
“დღეს სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკური კურსი და მიმართულება რაც არის, რომ დაამყაროს დიქტატურა და ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა, ამაში ხელი შეეშლება და ამ მიზნით ცდილობს, რომ არ მოგვცეს რეგისტრაცია და ხელოვნურად შეგვაფერხოს. თუმცა ბრიფინგზეც განვაცხადეთ, რომ ბრძოლას არ შევწყვეტთ”. – განაცხადა გიგა სოფრომაძემ.
tvpirveli.ge
