საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელი დირექტორ დავით ტაბიძე პროკურატურამ დღეს ბრალი წარუდგინა „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის“ – მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბრალდება ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ 9 365 801 ლარს და „ლაგი კაპიტალის“ საქმეს. ამ კომპანიის ნახევარი 2023 წლის სექტემბრამდე ირაკლი ზარქუას ცოლისძმას ეკუთვნოდა.
პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს – თუმცა განცხადებაში არ აზუსტებს, რა ზომას ითხოვს, პატიმრობას თუ გირაოს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელსაც ტაბიძე ხელმძღვანელობდა, არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
ტაბიძე ამ პოზიციაზე 2021 წლის 21 სექტემბრიდან 2025 წლის მაისამდე მუშაობდა – პოსტი დატოვა „პირადი განცხადების საფუძველზე“. ტაბიძე ამ პოსტზე იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ირაკლი ქარსელაძის მუშაობის პერიოდში.
· ირაკლი ქარსელაძე ამ პოსტზე 2021 წლის 22 თებერვლიდან 2025 წლის 24 აპრილამდე მუშაობდა;
· მანამდე, 2018-21 წლებში, იყო მინისტრის პირველი მოადგილე და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე;
· კიდევ უფრო ადრე მუშაობდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორად;
· ასევე იყო ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
· ირაკლი ქარსელაძეს მედიაში მოიხსენიებენ სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრად.
· პარტია „ახლის“ პოლიტსაბჭოს წევრის, კორუფციის მკვლევარ დავით მჟავანაძის ცნობით, ქარსელაძე ლილუაშვილის მეჯვარე, კურსელი და უახლოეს მეგობარია.
· ბოლო პერიოდში ლილუაშვილის გარემოცვის სამი წევრი მისცეს პასუხისგებაში.
რას ედავებიან ტაბიძეს
პროკურატურა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოძიებაზე დაყრდნობით წერს:
· მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების პროექტირება/მშენებლობის თაობაზე;
· ტენდერებში გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „ლაგი კაპიტალი“;
· მასშტაბურ პროექტზე ზედამხედველობა და შესრულების მონიტორინგი ევალებოდა მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელს და პროექტის მენეჯერებს
· მათ ასევე ევალებოდათ კონტრაქტორის მიერ ტენდერის ფარგლებში ავანსის მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
· ბრალდებულისათვის ცნობილი იყო რომ ლაგი კაპიტალი ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საავანსო თანხების გაცემას ითხოვდა, ისე რომ ხელშეკრულებებით ნაკისრ სამუშაოებს არ ასრულებდა;
· მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ლაგი კაპიტალს, ეტაპობრივად, სამშენებლო სამუშაოების დაწყების მიზნობრიობით, ავანსის სახით 11 200 000 ლარზე მეტი თანხა გადაურიცხა, ისე რომ რიგ შემთხვევებში ჯერ კიდევ ბაღების სამშენებლო პროექტები არ არსებობდა.
· ჩარიცხული თანხებიდან ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9 365 000 ლარს.
· შედეგად, პროექტით გათვალისწინებული 22 საბავშვო ბაღი არ აშენებულა.
ფორუმი




