სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კაცმა ყოფილი ცოლის სახლში, ფარულად, მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟა. უწყების ცნობით, 44 წლის კაცი რამდენიმე თვის განმავლობაში უკანონოდ უსმენდა ყოფილ ცოლს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წ-ს დაბადებულმა, ქ. თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში – მისაღებსა და საძინებელში, ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, რომლებშიც განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა”, – აცხადებენ უწყებაში.
კაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადებას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.