ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ამჟამინდელი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა, პროკურორ დავით გველესიანის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით ჯერ ყოფილი ცოლი დაჭრა, მის ამჟამინდელ ქმარს კი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, 28 ნოემბერს მოხდა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულს არაფერი უთქვამს. მისმა ადვოკატმა მინარი მურღვაშვილმა კი განაცხადა, რომ ბრალდებული საზოგადოების ნაწილისგან დამცირებას და შეურაცხყოფას განიცდიდა.
„მას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, შენ რანაირი კაცი ხარ, ოჯახი ვერ შეინარჩუნე და შენი ყოფილი ცოლი გათხოვდაო“, – თქვა უფლებადამცველმა. მან სასამართლო სხდომაზე გირაოს შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა.
46 წლის იაკუბ ხეირხაბაროვს სახელმწიფო ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხეირხაბაროვმა მიიჩნია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა, ვინაიდან თვლიდა, რომ დაზარალებულს, როგორც ქალს, არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება. ამის გამო ხეირხაბაროვი ჯაფაროვების სახლში შეიჭრა, ყოფილი ცოლი დაჭრა, ქალის ამჟამინდელი მეუღლე იაშარ ჯაფაროვი კი სასიკვდილოდ დაჭრა. ბრალდებული ორდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.
დაჭრილი ქალი ამ დრომდე საგარეჯოს კლინიკაში მკურნალობს. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით, 19,109-ე მუხლის „თ“ , „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 იანვარს გაიმართება.