დაზარალებული ქალის მიმართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების საქმეზე 44 წლის კაცი დააკავა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო მოქმედებები კონფიდენციალურობის სრული დაცვით წარიმართა.
გამოძიების ვერსიით, „1979 წ-ს დაბადებულმა, ქ. თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში – მისაღებსა და საძინებელში, ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, რომლებშიც განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა”.
ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის [კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება. კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა].
დანაშაული ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
