ყოფილი ყაზახი დეპუტატი კანდელაკს: ნამდვილი მანქურთი თქვენ ხართ

კრემლის პროპაგანდისტის, თინა კანდელაკის პოსტს გამოეხმაურა ყაზახეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ბეკბოლატ ტლეუხანი.
“თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, თუ რა სახელს დაარქმევს სადგურს, ქალაქს თუ ქუჩას. პასუხად თქვენ რატომღაც “მანქურთზე” ლაპარაკი დაიწყეთ, ადამიანზე, რომელსაც იდენტობა და მეხსიერება აქვს დაკარგული. თქვენი აზრით სახელების შეცვლით ისტორიას უარვყოფთ. ეს არამარტო უწიგნური, არამედ საშიში ნათქვამია. ანუ თქვენ ყველა ყაზახს მიგვანიშნეთ, რომ მანქურთები ვართ? თუ იცით ამ სიტყვის მნიშვნელობა, ისიც გეცოდინებათ რამხელა შეურაცხყოფა მიაყენეთ მთელს ერს. მეგონა კავკასიაში გასწავლეს, რომ მსგავსი სიტყვები უაზროდ არ უნდა იძახოთ. გარდა ამისა, როგორც მედიის ადამიანს, უნდა გცოდნოდათ სიტყვის ფასი. ამიტომ, ახლა რასაც აკეთებთ გააზრებული პროვოკაციაა, თქვენ თესავთ მტრობას ჩვენს ხალხებს შორის. და ამას მაშინ აკეთებთ, როდესაც რუსეთს არც თუ ისე ბევრი მეგობარი დარჩა”. – ამბობს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ყოფილი დეპუტატი.
ტლეუხანი ასევე ეხმაურება იმ ფაქტს, რომ ცოტა ხნით ადრე კანდელაკს მეგობრობის ორდენი გადასცეს:
“სრულიად გაუგებარი რისთვის მოგანიჭეს(ორდენი)? თქვენ არ იცით რას ნიშნავს მეგობრობა. შიმშილსა და რეპრესიებს გადარჩენილმა ყაზახებმა საკუთარ მიწაზე მიიღეს სტალინის ბრძანებით გადასახლებული ხალხები. მისცეს ფრონტს ყველაფერი, რის მიცემაც შესაძლებელი იყო, ბოლო ლუკმა პურს უყოფდნენ საქონელივით, ვაგონებით ჩამოყვანილ ადამიანებს, რომელთაც თოვლში აგდებდნენ… თუ თქვენ ბედავთ და მიგაჩნიათ, რომ ჩვენს ხალხს მოხუცების ყინვაში გაგდება შეუძლიათ, მაშინ ნამდვილი მანქურთი თქვენ ხართ და არა ჩვენ. თქვენ დაგავიწყდათ ან არ იცით ისტორია. უნდა გრცხვენოდეთ, თუკი ასეთი გრძნობა საერთოდ გაგაჩნიათ”.
ცოტა ხნით ადრე, კრემლის პროპაგანდისტმა Telegram-ში გამოქვეყნებულ პოსტში ყაზახებს მანქურთები უწოდა.
წლის დასაწყისში ყაზახეთში რკინიგზის ორ სადგურს სახელი შეეცვალა. რუსული ურალსკისა და უზენის ნაცვლად სადგურებს ორალი და ჟანაეზენი ჰქვია.
კანდელაკი ცვლილებას საკუთარ Telegram არხში გამოეხმაურა:
“როგორც ბალტიისპირეთის გამოცდილება გვიჩვენებს, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. იქაც მცირედით დაიწყო, დღეს კი იხურება რუსული სკოლები, ნადგურდება საბჭოთა ძეგლები, იკრძალება რუსული ენა”.
პუტინის პროპაგანდისტის სიტყვებს გამოეხმაურა ყაზახი ბლოგერი და ჟურნალისტი დინარა სატჟანი:
“პირველ რიგში, ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ. სხვის მონასტერში საკუთარი წესებით არ მიძვრებიან. ჯერ ერთი, ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ რომელ რკინიგზის სადგურს რა დავარქვათ. მეორე, ყაზახეთი დამოუკიდებლობის ეპოქაში ნელ-ნელა იბრუნებს მშობლიურ ენას, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების დროს დაიკარგა. მესამე, რუსული ენა ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად გამოიყენება ყაზახურთან ერთად, რომელიც თავის მხრივ კონსტიტუციური ენაა”. – წერია სატჟანის პოსტში.
კანდელაკმა მოგვიანებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ყაზახებს მანქურთები უწოდა.
“ძვირფასო ყაზახებო, თქვენ გაქვთ მარტივი, მაგრამ მრავლისმომცველი ზმნა мәңгу (დაბნევა, გაგიჟება, კონტროლის დაკარგვა). ამ ზმნიდან არის წარმოებული სიტყვა მანქურთი – ადამიანი, რომელმაც დაკარგა მეხსიერება, იდენტობა და ზოგჯერ გონებაც. საკუთარი თავისა და მოვლენების, ისტორიის და მათ შორის ისტორიული სახელების დავიწყება არამარტო უწიგნური, არამედ საშიში წამოწყებაა”. – დაწერა წამყვანმა საკუთარ Telegram არხში.
22 იანვარს ყაზახურმა მედიამ საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანდელაკს ყაზახეთში შესვლას აუკრძალავენ.
მანქურთები ყირგიზი რუსულენოვანი მწერლის, ჩინგიზ აიტმატოვის მიერ გამოგონილი ტერმინია. მის ნაწარმოებებში მანქურთები არიან ტყვედ ჩავარდნილი ადამიანები, რომლებიც უსულო მონებად აქციეს. გადატანითი მნიშვნელობით ტერმინი უწარსულო, ეროვნული ფესვების არმქონე ადამიანის სინონიმია, რომელსაც ხშირად შეურაცხმყოფელი კონოტაცია აქვს.