20 ივნისთან დაკავშირებით ვიყავი. გახარია იქ იღებდა გადაწყვეტილებებს და იძლეოდა ბრძანებებს – მე რაც ვიცი, აქაც იგივე ვთქვი, კომისიაზეც და სასამართლოზეც. თუ გინდათ სტრასბურგში წამიყვანეთ და იქაც იმავეს ვიტყვი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილმა უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ, პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში, ზვიად ძიძიგურის ოთახში იყო შეკრებილი ყველა, მათ შორის გერმანიის ელჩიც.
„20 ივნისთან დაკავშირებით ვიყავი. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით არ ყოფილა კითხვები დასმული. მთელი იმ პროცესის განმავლობაში ვიყავი იმ ყველაფრის შემსწრე, რაც ხდებოდა. პარლამენტის შენობაში, ზვიად ძიძიგურის ოთახში, იყო შეკრებილი ის ხალხი, ვინც მე საგამოძიებო კომისიაზე ჩამოვთვალე. შესაბამისად, გახარია იქ იღებდა გადაწყვეტილებებს და იძლეოდა ბრძანებებს, ამასთან დაკავშირებით იყო კითხვები. ნიკა მელიასთან დაკავშირებით არ ყოფილა კითხვა. მე რომ მივედი, გერმანიის ელჩი იყო იქ. ყველა დეტალთან დაკავშირებით მკითხეს, რაც იმ საღამოს ხდებოდა. ერთი ოთახი იყო იქ მხოლოდ, სადაც იჯდა გერმანიის ელჩიც, ზოგი ფეხზე იდგა, ზოგი იჯდა, დეპუტატები, მე და მოსასვენებელი ოთახი, საიდანაც მაშინდელი შს მინისტრი გასცემდა ბრძანებებს. მე შევდიოდი იმ ოთახში, გამოვდიოდი, პერიოდულად. [გერმანიის ელჩზე] გახარიამ მითხრა, რომ ჩემებმა ამოიყვანეს, რუსთაველზე სეირობდაო. წარმოუდგენელი ამბავია იმ დროს სეირნობა რუსთაველზე. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კადრებიდანაც ვხედავთ, რომ ის მანქანით მოვიდა, გაჩერდა, შევიდა პარლამენტის შენობაში. მე პირადად ვუთხარი, რომ მისი იქ ყოფნა იყო კატეგორიულად მიუღებელი. ოპერატიულ ნაწილს რაც შეეხება, ის არავის არ უზიარებდა, თავად იღებდა ამ გადაწყვეტილებებს. ნორმალური პროცესია, როდესაც მინისტრი პრემიერ – მინისტრს ეუბნება კონკრეტულ შინაარსთან დაკავშირებით რა უნდა ისაუბროს. არ შეიძლება პრემიერმა უკეთსად იცოდეს კონკრეტული ოპერატიული ღონისძიების მიმდინარეობა. პრემიერ- მინისტრმა გააკეთა განცხადება პრესასთან… მე რომ შევედი ზვიად ძიძიგურის ოთახში, სადაც ეს შტაბი იყო, სროლა უკვე დაწყებული იყო. მე რაც ვიცი, აქაც იგივე ვთქვი, კომისიაზეც და სასამართლოზეც. თუ გინდათ სტრასბურგში წამიყვანეთ და იქაც იმავეს ვიტყვი“,- განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.
ცნობისთვის, თბილისის პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე გამოიკითხა. საგამოძიებო უწყებას მასთან კითხვები 2019 წლის 20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა.




