ყოველ წამს მსოფლიოში იმდენი ყინული დნება, რამდენიც 3 ოლიმპიურ აუზს აავსებს — უახლესი კვლევა

მსოფლიოში მყინვარების ყინულის დანაკარგმა ბოლო ათწლეულში 36%-ით მოიმატა. ყოველ წამს მსოფლიოში იმდენი ყინული დნება, რამდენიც 3 ოლიმპიურ აუზს აავსებს.
სტატისტიკა საგანგაშოა: 2000-დან 2023 წლამდე დედამიწის მყინვარები ყოველწლიურად 300 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს და თუ ამ მაჩვენებელს ათასწლეულის დასაწყისში არსებულ მოცულობას შევადარებთ, იგი 5%-ით შემცირებული გამოვა! უკეთ რომ წარმოიდგინოთ, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS) მიხედვით, ყინულის დნობის შედეგად მიღებული დანაკარგი ყოველ წამში სამი ოლიმპიური საცურაო აუზის შევსებას შეძლებს. რაღა თქმა უნდა, ეს გლობალური დათბობის ბრალია, რომლის უკანაც სათბურის ემისიები დგას.
„ყინულების დნობის აღმოჩენას ველოდით, მაგრამ მისი ამ დოზით დაკარგვა შოკი იყო ჩვენთვის, მეცნიერებისთვის“, — აცხადებს მაიკლ ზემპი, კვლევის წამყვანი ავტორი, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი და World Glacier Monitoring Service-ის ხელმძღვანელი.
შედეგები მყინვარების უკიდურეს დანაკარგებს ავლენს ევროპის ალპებსა და პირენეს მთებში — კვლევის ფარგლებში ორივე რეგიონში მყინვარების მოცულობის 40%-იანი კლება შეინიშნებოდა. მეტიც, მხოლოდ 2 წელიწადში ევროპის ალპების მყინვარებმა ყინულის მასის 10% დაკარგა!
ამის გასაგებად მკვლევრებმა სატელიტური მონაცემებიც გამოიყენეს და ყველა მყინვარის პირდაპირი გაზომვებიც, გარდა გრენლანდიასა და ანტარქტიდის რეგიონებისა, რომლებიც, თუ მკვლევრებს დავუჯერებთ, იმდენად დიდია, რომ გლობალურ დათბობაზე დაგვიანებული რეაქცია ექნება…
20 წელზე დიდი პერიოდის გაანალიზების შედეგად, ამბობენ, რომ მყინვარის დნობის მაჩვენებლები რეგიონიდან რეგიონამდე მნიშვნელოვნად განსხვავდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალპებსა და პირენეს მთებში დნობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია, ხოლო ციურიხის უნივერსიტეტის თანახმად, ყველაზე დაბალ მაჩვენებელს სუბანტარქტიკულ კუნძულებზე ვხვდებით, სადაც ყინულის დანაკარგი 2%-ს უდრის.
ამასთან, კვლევის პირველ პერიოდში, 2000-დან 2011 წლამდე, ყინულის ნდობის მაჩვენებელი 36%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე ნახევარში, ანუ 2012-2023 წლებში, მაჩვენებელი კვლავ ზრდას განაგრძობს.
რაღა თქმა უნდა, ყინულის დნობა წყლის დონის მატებას იწვევს და მეცნიერები გვეუბნებიან, რომ კვლევის ფარგლებში გლობალურად ზღვის დონემ 18 მილიმეტრით მოიმატა. ამასთან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყინულები დასალევი წყლის წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობებისთვის ცენტრალურ აზიასა და ანდებში.
ამგვარად, 21-ე საუკუნის პირველ მეოთხედში მსოფლიოს მასშტაბით ყინულების რაოდენობა 5%-ით შემცირდა, რაც მეცნიერებს სამომავლო პროგნოზების გაკეთების საშუალებას აძლევს — ამბობენ, რომ 2100 წლისთვის დარჩენილი მყინვარების 25% დადნება, მაშინაც კი თუ სათბურის ემისიებს შევამცირებთ! ყველაზე ცუდი შედეგებისგან კი დაუყოვნებლივი ქმედებები თუ გვიხსნის…
წყარო: marketer.ge