მესტიაში, სოფელ ბეჩოში მდებარე საოჯახო სასტუმრო “პანორამა უშბა” მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ფუნქციონირებს. როგორც სასტუმროს თანადამფუძნებელმა ანა ლაფანაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, ამის მიზეზი ზამთრის კურორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არ არსებობაა, რის გამოც აღნიშნულ სოფელს დამსვენებლები ნაკლებად სტუმრობენ.
მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ხელახალი ამუშავება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
“ყოველთვის გათვლილი გვაქვს ხოლმე სასტუმროს ხელახალი გახსნის ხარჯი, რაც დაახლოებით, წინა წლის შემოსავლის 10%-ს შეადგენს. ამ სოფელში საოჯახო ტიპის სასტუმროები ძირითადად ასე ფუნქციონირებენ, რადგან ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი, სამწუხაროდ, არ არის”, – აცხადებს ანა ლაფანაშვილი.
სასტუმროს თანადამფუძნებლის ინფორმაციით, თუ ბეჩოში ზამთრის კურორტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, მათ შორის, სათხილამურო ტრასები და საბაგირო, სასტუმროებს დახურვა აღარ მოუწევს, რადგან დამსვენებლების რაოდენობა გაიზრდება.
რაც შეეხება იმ თვეებს, როდესაც სასტუმრო აქტიურად მუშაობს, როგორც ანა ლაფანაშვილი აცხადებს მოთხოვნა ყოველ წლიურად იზრდება და მათი მომხმარებლები ძირითადად უცხოელები, მათ შორის, ევროპიდან და აზიიდან არიან.
“როგორც სასტუმროს, ისე რესტორანს ქართველებიც სტუმრობენ, შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლების, დაახლოებით, 60% არიან უცხოელები, ხოლო 40%-ი ქართველები. წინა წელთა შედარებით, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა 30%-მდე გაიზარდა და მომდევნო წელს უფრო მეტ ზრდას ველოდებით. ზამთრის სეზონზე სამწუხაროდ არ ფუნქციონირებს ჩვენი სასტუმრო და შესაბამისად, ძირითადად ზაფხულის სეზონზე გვაქვს აქცენტი. ჩვენი სასტუმრო მდებარეობს ბეჩოში და ზამთრის სეზონზე მომხმარებლები იმ კურორტებზე აკეთებენ არჩევანს, სადაც სათხილამურო ტრასებია, ამიტომ ჩვენ თითქმის არ გვყავს დამსვენებელი აღნიშნულ პერიოდში და გვიწევს, რომ რამდენიმე თვით სასტუმრო დავკეტოთ. ჩვენი სასტუმრო მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე მუშაობს”, – აცხადებს ანა ლაფანაშვილი.
ცნობისთვის, საოჯახო სასტუმრო “პანორამა უშბა” ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა. სასტუმროში 7 ნომერია და ჯამში 25-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. “პანორამა უშბა” მოიცავს რესტორანს, რომელიც მასპინძლობს როგორც სასტუმროს მომხმარებლებს ისე გარეშე პირებს.
ბიზნესპარტნიორი