ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად

დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად, ლისის ტბაზე, საქველმოქმედო გარბენი გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდაჭერას. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები, “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან” და “თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციასთან” ერთად მასპინძლობდნენ.
საქველმოქმედო გარბენზე შემოწირულების სახით 6000 ლარზე მეტი შეგროვდა, რომელიც სრულად გადაირიცხა “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში”. ფონდი სილქნეტის მიერ არის დაფუძნებული და 2018 წლიდან დღემდე 3 მილიონ ლარამდე დახმარება აქვს გაწეული დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების საჭიროებებზე.
საქველმოქმედო გარბენს გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი, როცა თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა, მათმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა, სხვადასხვა მოხალისე ორგანიზაციებმა, ფონდის ბენეფიციარებისთვის პირველი გარბენი შეასრულეს. ღონისძიებამ წელს კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღო და ტრადიციად ჩამოყალიბდა.

ასევე დაგაინტერესებთ