„ყოველწლიურად „ჯინო აკვაპარკში“ €2 მილიონის ინვესტიცია ვდებთ“ – განაცხადა BMG TV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას „ჯინო აკვაპარკის“ მმართველი კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ფინანსური რესურსი აკვაპარკის განვითარებას და განახლებას ხმარდება.
ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში ბიზნესს სლოვაკური ინვესტიციებით მართავს, ამბობს, რომ 2013 წლიდან გახსნილ აკვაპარკში უკვე 42 მლნ ევროს ინვესტიციაა ჩადებული, თუმცა მონაგები ამ მიმართულებიდან ჯერ არ მიუღია.
„აკვაპარკის მოწყობაში 42 მლნ ევროს ინვესტიცია გვაქვს ჩადებული. აქ 500-მდე ატრაქციაა. 4 500 კვ.მ.-ის წყლის ზედაპირი და აუზებში მუდმივად 5 000 კუბური მეტრი წყალი ტრიალებს, 16 სხვადასხვა სახეობის აუზი და დიდი ზომის ჯაკუზები გვაქვს, არის უამრავი ტიპის ატრაქცია – ტობოგანი, 9 სახის აუზი, 1 400 კვ.მ-ზეა გაშლილი VIP და „ექსელენს“ ზონები დაბადების დღეებისთვის.
ყოველ წელს აკვაპარკში დაახლოებით 2 მლნ ევროს ინვესტიციას ვდებთ. 2012 წლიდან „ჯინო ჰოლდინგს“ საქართველოში 120 მლნ ევროს ინვესტიცია [აკვაპარკი, სასტუმროები] აქვს განხორციელებული, კაპიკი უკან არ გამიტანია, პირიქით ინვესტიციებს ვზრდით. ცხოვრება გვაჩვენებს, რომ საზოგადოებას მოსწონს ამ ტიპის აუზი და ამას ვაკეთებთ, ახლა მაგალითად, ვაფართოებთ დაბადების დღის ცენტრს, რომელიც დღეში 10-12 დაბადების დღეს მართავს. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ამისთვის ცალკე აუზს ვაშენებთ და ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს მივცეთ კომფორტი. ვფიქრობთ, რომ ამის შემდეგ, დღეში 20 დაბადების დღის გამასპინძლებასაც შევძლებთ… ანუ აკვაპარკს სულ ვავითარებთ“, – განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.
GINO აკვაპარკი და ველნეს ცენტრის წლიური დატვირთულობა 200,000 ვიზიტორია, ნოდარ გიორგაძე აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად აკვაპარკში განტვირთვით დაინტერესებულთა რიცხვი 20-25%-ით იზრდება.
