“ყოველთვის გამორჩეული” – ნინი გოგიჩაიშვილის წარმატებული კარიერა და ცნობილი ოჯახი – Marao

ნინი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში ახალ კადრებს გვიზიარებს, მოდელი, როგორც ყოველთვის, საოცარ ფორმაშია და საზოგადოების მხრიდან დადებით შეფასებებს იმსახურებს:
ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები ბავშვობიდან ექცეოდნენ ყურადღების ცენტრში, რაც მათი ცნობილი ოჯახით იყო გამოწვეული. მათი ბებია და ბაბუა მსახიობები, იოსებ გოგიჩაიშვილი და ნანა დათუნაშვილი არიან, დედა და მამა კი – გიორგი გოგიჩაიშვილი და ნათია ბანძელაძე.
ნათია ბანძელაძე ჟურნალისტია და წლების მანძილზე მუშაობდა ამ მიმართულებით, ის “რუსთავი 2”-ის თანამშრომელი იყო, 2010 წლიდან კი პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.
გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე “გოგიჩა”, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მსახიობი, შოუმენი და ტელეწამყვანი იყო. გოგიჩამ უამრავი პატარას ბავშვობა გაალამაზა და, რა გასაკვირია, რომ შვილებისთვის დღემდე ზღაპრის გმირად რჩება. სამწუხაროდ, გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ.
ნინი 1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. მან სამოდელო სფეროში პირველი ნაბიჯები ადრეულ ასაკშივე გადადგა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, გახდა “მის საქართველო”. წარადგინა საქართველო კონკურსზე “მის მსოფლიო 2019”.
“ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემმა მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებული იყო და სახლში თითქმის არასდროს იყვნენ, საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. მე და ჩემი და, ნანუკა ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ბებოების და ბაბუების გაზრდილები ვართ. მოგეხსენებათ 90-იანი წლები რთული პერიოდი იყო, დალხენილი სიტუაცია არ გვქონდა და მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი მქონოდა. თუმცა მათ ისიც ჩაგვინერგეს, რომ ნივთებზე მეტად მნიშვნელოვანი ოჯახური სითბო და სხვა ფასეულობებია…
არასდროს მომიტყუებია მშობლები, ყველაზე მეტად მათში ის მომწონდა, რომ ყოველთვის მიტოვებდნენ არჩევანის თავისუფლებას. თავისუფლებაა, რომ არ გაჰყვე დედ-მამის კვალს, თუკი არ გაინტერესებს და აკეთო საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს”, – ამბობდა ნინი წლების წინ. დღეს ის დუბაიში ცხოვრობს. სამოდელო სფეროდან მან ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა და იქ საკუთარ გადაცემას “Nini’s Diary” უძღვება. “Nini’s Diary – ნინის დღიური არის სატელევიზიო პროექტი დუბაიში ძვირადღირებული ცხოვრების შესახებ ჩვენი ზღაპრული ტელეწამყვანის, “მის საქართველოს” – ნინი გოგიჩაიშვილის თვალით” – ვკითხულობთ მის აღწერაში.