“ყოველდღიურად ერთ ობიექტში 300-მდე სენდვიჩს და 200-მდე ლანჩ-ბოქსს ვყიდით” – “წიწილა”

ქართული სწრაფი კვების ობიექტი “წიწილა”, რომელიც მომხმარებელს ქათმისგან დამზადებული კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, გახსნიდან ერთი წლის თავზე მესამე ფილიალის დამატებაზე ფიქრობს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა მარიამ მარხულიამ BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნა, “წიწილაზე” მოთხოვნა მუდმივად იზრდება.
“თავიდან, როცა ვქმნიდით “წიწილას”, წარმოდგენაც კი არ გვქონდა, რომ ის ასე განვითარდებოდა. ზოგადად, ბიზნესს ნახევარი წელი სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი თავის რჩენა დაიწყოს, “წიწილამ” ეს მეორე თვიდან დაიწყო, რაც ჩემთვის საოცარი შედეგია. “წიწილა” არის ახალი, განსხვავებული და, რაც მთავარია, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც ფასის პროპორციულია. ეს კი ქართულ ბაზარზე იშვიათია”, – განაცხადა მარიამ მარხულიამ.
“წიწილას” ერთი ფილიალი თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს, მეორე ფილიალი კი, ცოტა ხნის წინ მთაწმინდის პარკში გახსნა. ახლა კი, მესამე ობიექტის გახსნაც იგეგმება.
“ახლა, თამამად შემიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ, კიდევ ერთი ობიექტი ავიღოთ, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. გვსურს, რომ წიწილა იყოს ყველგან, ყველასთვის და ყოველ დღე. “წიწილაზე” მოთხოვნა იზრდება და გვსურს, ეს მოთხოვნა ძალიან მოკლე დროში დავაკმაყოფილოთ”, – ამბობს ქართული სწრაფი კვების ობიექტის თანადამფუძნებელი და დასძენს, რომ “წიწილას” გაფართოების საშუალებას საკუთარი საწარმო აძლევს, სადაც ორი ობიექტისთვის აუცილებელი პროდუქცია მზადდება.
“ეს არის საწარმო, რომელიც გაფართოების საშუალებას გვაძლევს. როდესაც პირველი ობიექტი გავხსენით, ვახერხებდით, რომ იქვე გაგვეკეთებინა ყველაფერი, მაგრამ გაფართოებაზე ფიქრის შემდეგ მივხვდით, რომ ეს იქნებოდა აბსოლუტურად წარმოუდგენელი საწარმოს გახსნის გარეშე”, – ამბობს მარხულია.
სწრაფი კვების რესტორნის წარმატებაზე საუბრისას, ობიექტის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ “წიწილას” ბრენდმა თავი განსხვავებული და ახალი გემოების შემოტანით დაიმკვიდრა. შედეგად, ყოველდღიურად მხოლოდ ერთი ფილიალიდან 300 სენდვიჩი იყიდება.
“[“წიწილას” გახსნის შემდეგ] ძალიან ბევრი ობიექტი გაიხსნა, რომელიც ადამიანებს სენდვიჩებს სთავაზობენ, “წიწილამდე” სასენდვიჩეების ასეთი სიმრავლე არ იყო. როდესაც ობიექტს ვხსნიდით, გვინდოდა, სრულიად განსხვავებული, ახალი გემოების შემოტანა და ვფიქრობთ, ზუსტად ამან დაიმკვიდრა თავი.
სტაბილურად, ყოველდღიურად ერთ ობიექტში 300-მდე სენდვიჩი და 200-მდე ლანჩ-ბოქსი იყიდება, აქციების პერიოდში კი ეს რიცხვი ორმაგდება. ერთ-ერთ აქციაზე იმხელა მოთხოვნა იყო, რომ ადამიანური რესურსი არ აღმოჩნდა საკმარისი”, – აღნიშნავს მარხულია.
ცნობისთვის, “წიწილას” კერძების ფასები კი ₾20-დან ₾45-მდე დიაპაზონშია.