The New York Times-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა კრისტიან ტრიბერტმა გამოაქვეყნა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ბალბეკის აეროდრომის ახალი სატელიტური ფოტოები მას მერე, რაც მასზე 14 და 15 მაისს ღამით უკრაინამ იერიშები განახორციელა რაკეტა ATACMS-ებით.
სურათების ანალიზის შედეგად ტრიბერტმა დაასკვნა, რომ იერიშების შედეგად სრულად განადგურდა ორი თვითმფრინავი მიგ-31 და ერთი სუ-27, ერთი მიგ-29 კი დაზიანებულია. ასევე განადგურდა ძირითად ასაფრენ ბილიკთან მდებარე საწვავის საწყობი, წერს ტრიბერტი. ფოტოებზე ჩანს კვამლი, ვინაიდან საცავში ხანძარი ჯერაც არ ჩაუქრიათ.
Planet.com-ის სატელიტურ ფოტოებზე, რომლებიც 16 მაისს გაკეთდა უკრაინის იერიშების შემდეგ, ასევე ჩანს ხანძრის კვალი სუ-27-ის, სუ-30-ის და მიგ-31-ის სადგომზე. მათი დაზიანების ხარისხისა და დაზიანებული თვითმფრინავების რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა რთულია: შედარებისთვის მოიპოვება მხოლოდ 1 მაისის ფოტო. უკრაინული წყაროები იტყობინებოდნენ რუსეთის სამი თვითმფრინავის განადგურების შესახებ. სურათებზე ასევე ჩანს, რომ მთლიანად დაიწვა აეროდრომის საწვავი და შესაზეთი მასალების საწყობი.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი მარკ კრუტოვი მიიჩნევს, რომ ბალბეკზე ორი ღამის განმავლობაში განხორციელებული დარტყმების შედეგად, „როგორც ჩანს, განადგურდა, მინიმუმ, რამდენიმე მიგ-1 და საწვავის საწყობი“.
რუსეთის ტელეგრამის არხი „ვოენნი ოსვედომიტელი“ 17 მაისს დილით წერდა, რომ ავიაბაზაზე იერიშის შედეგად „მთლიანად განადგურდა ორი მიგ-31 და ერთი სუ-27, ასევე დაზიანდა მიგ-29“.
სამხედრო აეროდრომი ბალბეკი 16 მაისს დღე-ღამეში მეორედ დაიბომბა. ადგილობრივი ტელეგრამის არხებმა გამოაქვეყნეს კადრები, რომლებზეც, როგორც ირწმუნებიან, აეროდრომზე ხანძარია ასახული.
14-დან 15 მაისის ღამით ბალბეკზე აფეთქებების ხმა ისმოდა. სატელიტური სურათების თანახმად, აეროდრომზე ხანძრის სამი კერა გაჩნდა ასაფრენი ბილიკისა და თვითმფრინავების სადგომების რაიონში.
Krim.realii-ის თანახმად, აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 38-ე საავიაციო პოლკი და რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს სევასტოპოლის საავიაციო-სამაშველო ცენტრი. აეროდრომზე ბაზირებულია ოცდაათი თვითმფრინავი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუშუქებია ბალბეკის აეროდრომზე თავდასხმის დეტალები.
15 მაისის ღამით უწყებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ ყირიმში გაანადგურა უკრაინის ხუთი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ATACMS-ი.
უკრაინის სამხედროებს დარტყმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ ადრე კიევი აცხადებდა, რომ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმები უფრო და უფრო იმატებს.