ყირგიზეთში რეფერენდუმი გაიმართება სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე

ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი დათანხმდა ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას. ამის შესახებ ჟაპარაოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „კაბართან“ ინტერვიუში განაცხადა.
ს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების განკარგულებაც გასცა, რაც პირდაპირ უკავშირდება აღმოსავლეთ ყირგიზეთის ისიკ-ყულის ოლქში, 17 წლის გოგონას გაუპატიურებასა და სასტიკ მკვლელობას.
როგორც რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის რედაქცია „რადიო აზატიკი“ იუწყება, 27 სექტემბერს, შუადღისას, ისიკ-ყულის ოლქის სოფელ ბარსკუნიდან 17 წლის სკოლის მოსწავლე აისულუუ მუკაშევა დაემგზავრდა ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილს. გოგონას ოჯახის ცნობით, მოზარდი მეზობელ ქალაქ კარაკოლში მიდიოდა მეგობრის სანახავად.
სოფლის ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოთვალთვალის კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ჯდებოდა მოსწავლე Honda Stream-ში 12:45 საათზე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მძღოლმა, 41 წლის მამაკაცმა, მოზარდი მეზობელ სოფელში წაიყვანა და გააუპატიურა მანქანაში ჩაჯდომიდან 15 წუთში. შემდეგ გაიარა 60 კილომეტრი და გაჩერდა ტბორთან, სადაც დაახრჩო კიდეც თავისი მსხვერპლი.
პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა ცხედარი დააგდო ბიშკეკისკენ მიმავალი გზატკეცილის მახსლობლად ყირგიზეთის დედაქალაქიდან დაახლოებით 120 კილომეტრში. „მამაკაცმა დანაშაულის დაფარვა სცადა მანქანის გარეცხვითა და მიტოვებით, ასევე ტელეფონისა და SIM ბარათის მოშორებით“, – იტყობინება ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
მომხდარმა დანაშაულმა ყირგიზეთში ქალთა დაუცველობის შესახებ ფართო საზოგადოებრივი დებატები გამოიწვია. გარდა ამისა, უმოქმედობაში დაადანაშაულეს პოლიცია და ხელისუფლება. ამ ფონზე, პრეზიდენტმა ჟაპაროვმა განაცხადა, რომ გამოძიებას პირადად კონტროლზე აიყვანდა.
რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის „რადიო აზატიკის“ ცნობით, ყირგიზეთში ბოლო სიკვდილით დასჯა 1998 წელს აღსრულდა. 2021 წელს მიღებული კონსტიტუციით ყირგიზეთის კანონმდებლობა და სისხლის სამართლის კოდესი სასჯელის ასეთ ზომას არ ითვალისწინებს.