ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ქვეყნის მოქალაქეებს, აუცილებელი თუ არ არის, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ბაკიტ კადიროვმა რადიო თავისუფლების ყირგიზეთის სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, 22 მარტს მოსკოვის ოლქში, „კროკუს სიტი ჰოლში“, მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა გააძლიერეს კონტრტერორისტული ზომები და გაამკაცრეს სასაზღვრო შემოწმება. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს თავის მოქალაქეებს, გადადონ რუსეთში მოგზაურობა მანამდე, სანამ ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს.
ქვეყანაში ქსენოფობიური დანაშაულების ზრდის შიშით, რუსეთში ტაჯიკური დიასპორა მკაცრად ურჩევს ტაჯიკებს, სიფრთხილე გამოიჩინონ. გამოცემა “ბაზა” იუწყება, რომ ტაჯიკური თემების ხელმძღვანელებმა მოამზადეს რეკომენდაციები თანამოქალაქეებისთვის, რომ არ დაესწრონ მასობრივ ღონისძიებებს და საღამოობით არ დატოვონ სახლები. ასევე “ბაზის” წყაროების თანახმად, არაერთმა დამსაქმებელმა სთხოვა თანამშრომლებს, ტაჯიკეთის მოქალაქეებს, წარედგინათ შესაბამისი პერსონალური მონაცემები, მათ შორის საცხოვრებელი მისამართები.
რადიო თავისუფლების ტაჯიკურმა სამსახურმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია ქსენოფობიური აგრესიის რამდენიმე ინციდენტის შესახებ. ამურის რაიონის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს მიგრანტების კუთვნილ სავაჭრო პავილიონს. როგორც ქალაქის მერმა ოლეგ იმამეევმა განაცხადა, “ცხადია, ნაციონალიზმის საფუძველზე.”
კალუგაში უცნობი თავდამსხმელების ჯგუფმა ქუჩაში სცემა სამ ტაჯიკს, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არის ცნობებიც რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან, რომ მომხმარებლები უარს ამბობენ ტაჯიკი ტაქსის მძღოლების მომსახურებაზე. ისინი შეკვეთის გაუქმებას ითხოვენ, თუ გაარკვევენ, რომ მძღოლი ტაჯიკია ან ტაჯიკეთის მკვიდრია.
პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა სამართალდამცავ ორგანოებთან შეხვედრაზე თქვა, რომ მიგრანტი მუშების საცხოვრებელი ადგილები ქალაქში “განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იქნება”, იმის მითითების გარეშე, თუ რას გულისხმობს „განსაკუთრებული კონტროლი“. მიგრანტებს აქტიურად ამოწმებენ რუსეთის სხვა რეგიონებშიც.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ შეშფოთებულია „კროკუს სიტი ჰოლზე“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ რუსი ნაციონალისტების მიერ გაკეთებული შოვინისტური ხასიათის განცხადებების გამო.
თავის ტელეგრამის არხში გამოქვეყნებულ მიმართვაში, კადიროვმა დაადანაშაულა “რუსეთის ზოგიერთი მტერი”, რომლებიც ეროვნული საკითხის გამოყენებით “შიგნიდან არყევენ ვითარებას“.
22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა სულ მცირე 137 ადამიანი და 180-ზე მეტი დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე.
კრემლმა განაცხადა, რომ რადგან ჯერ გამოძიება გრძელდება, არ გააკეთებს კომენტარს „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებაზე, რომ ის კისრულობს პასუხისმგებლობას „კროკუს სიტი ჰოლზე“თავდასხმისთვის.
„ხორასანი“ ისტორიული რეგიონია, რომელიც მოიცავს პაკისტანის, ირანის, ავღანეთისა და თურქმენეთის ტერიტორიებს.
„ისლამური სახელმწიფო-ხორასანი“ კი 2015 წელს ავღანეთში შეიქმნა და მალევე ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ დაჯგუფებად ჩამოყალიბდა.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელიწადში მათ ასეულობით ადამიანის მკვლელობაზე აიღეს პასუხისმგებლობა. მაგალითად, იანვარში ირანში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც ასზე მეტი ადამიანი შეეწირა.