ყირგიზეთისა და ყაზახეთის დილერების გამო, შესაძლოა, ბაზარი ადგილობრივი ავტოიმპორტიორების გარეშე დარჩეს – ალექსი ნონიაძე
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებლის, ალექსი ნონიაძის თქმით, გასული წლები ქართველი ავტოიმპორტიორებისთვის მძიმე იყო, კრიზისი კი 2025 წელსაც გაგრძელდა. როგორც ნონიაძე „კომერსანტთან“ ჰყვება, ამის მთავარი მიზეზი მოთხოვნასთან შეუსაბამოდ დიდი რაოდენობის ავტომობილების იმპორტია. გარდა ამისა, ავტომობილების რეიმპორტი ყირგიზეთისა და ყაზახეთის რეზიდენტების მიერ, სფეროს კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის.
„2023 წელს 60 ათასი ერთეულით მეტი ავტომობილი შემოვიდა, ვიდრე ამის მოთხოვნა იყო, ანუ ჭარბი მიწოდება შეიქმნა. ვიცით, რომ 2023 წელი პროფიციტული იყო, ამან გავლენა იქონია ბაზარზე, იმპორტი შემცირდა. ჩვენდა სამწუხაროდ, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი შემცირებული იყო და 60 000 ავტომობილიდან 30 000-40 000 ავტომობილი გაიყიდა, მაგრამ ჭარბი რაოდენობა მაინც დარჩა, რამაც ბაზარზე დიდი გავლენა იქონია.
ეს პრობლემა 2024 წელს ვერ აღმოიფხვრა და 2025 წელსაც გადმოგვყვა. აღსანიშნავია, რომ ქართველ დილერებს საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევენ უცხოელი, არარეზიდენტი პირები.
ეს პირები ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ პანდემიის დროს შევიდნენ და ფეხი საკმაოდ მყარად მოიკიდეს.
ყირგიზეთი და ყაზახეთი, ის ძირითადი ქვეყნებია, რომლის მოქალაქეებიდანაც ქართულ ავტოიმპორტს ყველაზე დიდი საფრთხე ექმნება. საქართველოდან, დიდი ალბათობით, აღნიშნულ ქვეყნებში ავტომობილები ჩადის, რადგან საბაჟოზე ასე ჩანს, მაგრამ მერე თვალის დევნება გვიჭირს და არის შანსი, მცირე ნაწილი რუსეთშიც ხვდებოდეს. თუმცა, აღვნიშნავ, რომ დანიშნულების პუნქტში ყირგიზეთი ან ყაზახეთი წერია.
გამოსავალი მარტივი არ არის, გვაქვს სახელმწიფოსთან საუბრები, რომ ამ ადამიანებს როგორმე დავეხმაროთ, რაღაც შეღავათების სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზარს ძალიან ბევრი ავტოიმპორტიორი დატოვებს“,- აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.
