ყირგიზეთთან ვაჭრობის მონაცემებში ასეთ ცდომილებას საქსტატის არგუმენტები ვერ ხნის – ეკონომისტი

საქსტატის განმარტება, იმის შესახებ რომ ერთი ქვეყნის ექსპორტის შედარება მეორე ქვეყნის იმპორტთან არარელევანტურია, ეკონომისტების ნაწილისთვის საკმარისი არ არის. აკაკი ცომაია ამბობს, რომ განსხვავებული მეთოდოლოგიების შემთხვევაშიც კი ამ ოდენობის განსხვავება ერთ ქვეყნის ექსპორტს და მეორე ქვეყნის იმპორტს შორის მაინც არ უნდა იყოს.
საქმე ეხება საქართველოდან ყირგიზეთში ავტომობილებისა და თამბაქოს ექსპორტისა და ამავე დასახელების საქონლის ყირგიზეთში იმპორტის სტატისტიკას. 2024 წლის 10 თვეში საქართველოდან ყირგიზეთში 964 მილიონი დოლარის ავტომობილები გაიგზავნა ექსპორტზე, ს მონაცემებით კი საქართველოდან იგივე პერიოდში მხოლოდ 50 მილიონი დოლარი ავტომობილები შევიდა იმპორტით.
რიცხვებს შორის სხვაობაა თამბაქოს შემთხვევაში. საქართველოდან მიმდინარე წლის 10 თვეში 53 მილიონი დოლარის თამბაქო გავიდა ექსპორტზე ყირგიზეთში, თუმცა ამავე პერიოდში ყირგიზეთს საქართველოდან თამბაქო იმპორტით არ მიუღია.
„ერთი ქვეყნის ექსპორტის პირდაპირ შედარება მეორე ქვეყნის იმპორტის მონაცემებთან არ არის რელევანტური“ – ასე განმარტავს საქსტატი, საქართველოსა და ყირგიზეთის სტატისტიკის დეპარტამენტების მონაცემებს შორის დიდ სხვაობას.
მათი შეფასებით, საქართველო ექსპორტში უთითებს საბოლოო დანიშნულების ქვეყანას, თუმცა შესაძლოა მაგალითად ყირგიზეთმა შესაბამისი პროდუქტის იმპორტი იმ ქვეყანას მიაკუთვნა, რომლის გავლითაც საქართველოდან ყირგიზეთში პროდუქტი მოხვდა.
აკაკი ცომაიას შეფასებით, ყველა ქვეყანა ერთსა და იმავე საერთაშორისო სტანდარტს ერგება, რომლის მიხედვითაც საბოლოო ჯამში ქვეყნების საგადახდო ბალანსი ითვლება. ცომაია ეჭვობს, ორივე საქონლის შემთხვევაში საქართველოდან ყირგიზეთში გაგზავნილი საქონელი რუსეთშივე გაიყიდა.
“ასეთი განსხვავება დადარებისას არ უნდა იყოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ როგორ ხდება საგადახდო ბალანსის მიღება. საგადახდო ბალანსშიც, ხომ ფიქსირდება ექსპორტი და იმპორტი, სასაქონლო ჯგუფების და ქვეყნების მიხედვით. ყველა ქვეყანა იყენებს საერთაშორისო მეთოდოლოგიას და ეყრდნობა მას. ეს მონაცემები ზიარდება საერთაშორისო ინსტიტუტებთან, მსოფლიო ბანკს უდევს გამოტანილი ქვეყნების მიხედვით, იქნება ეს საქართველო, ყირგიზეთი თუ სხვა ქვეყნები. ამ ორგანიზაციებს იმიტომ გამოაქვთ ეს მონაცემები, რომ ისინი ამ მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობენ. მეთოდოლოგია ვერ იქნება რადიკალურად განსხვავებული.
საქართველო აღრიცხვის დროს იყენებს დარიცხვის მეთოდს, შეუძლებელია ყირგიზეთი იყენებდეს აღრიცხვის საკასო მეთოდს. არ არის ეს საერთაშორისო სტანდარტი, თუ ორივე ქვეყანა იყენებს დარიცხვის მეთოდს არ შეიძლება ასეთი დიდი სხვაობა არსებობდეს საქართველოდან ექსპორტსა და ყირგიზეთში იმპორტს შორის.
ექსპორტის მონაცემები და იმპორტის მონაცემები, გასაგებია, რომ ერთი FOB ფასებშია და მეორე CIF ფასებში, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი, იმის ასახსნელად თუ რატომ არის ასეთი დიდი განსხვავება.
რასთან გვაქვს საქმე ეს ისეთი შეკითხვაა, რაზეც პასუხი არ არის. ამისათვის ზუსტად უნდა იცნობდე დეტალებს. ამდენად რა ხდება აქ , უფრო მეტი ახსნა სჭირდება სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, იმიტომ რომ რა ახსნაც მათ თქვეს ეს არ არის საკმარისი არგუმენტები, რამაც შეიძლება ასეთი ცდომილება გამოიწვიოს. ფაქტია, რომ საქართველოში მოხდა ავტომობილების და თამბაქოს იმპორტი და შემდეგ მოხდა ამ პროდუქტის გასვლა ექსპორტით ყირგიზეთში. დიდი ალბათობით სანამ ყირგიზეთამდე მივიდა ეს საქონელი და მომსახურება, მან გაიარა სხვადასხვა ქვეყნები და მისი დიდი ნაწილი რომელიმე ქვეყანაში, სავარაუდოდ რუსეთში დარჩა”, – ამბობს ეკონომისტი აკაკი ცომაია.