ყველდამოკიდებული ქვეყანა ვართ და დიდი რაოდენობით ილექება ის დაავადებებიც, რაც სანიტარიული ნორმების დარღვევითაა გამოწვეული – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოს 14 მუნიციპალიტეტში ყველის ნიმუშები შეიძინეს და ლაბორატორიას ჩააბარეს. კვლევამ 42 ნიმუშის შემოწმება მოიცვა. დარღვევები გამოვლინდა 12 ნიმუშში, აქედან, 11 ნიმუში არაეტიკეტირებული იყო, ხოლო 1 ნიმუში – ეტიკეტირებული.
რა ვითარებაა ამჟამად ყველის ბაზარზე და რა უნდა გაკეთდეს გამოწვევებთან გასამკლავებლად. სექტორში არსებული მდგომარეობა „კომერსანტთან“ ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ შეაფასა. მისი თქმით, თუ სახელმწიფო უფრო მეტად არ გაამკაცრებს კონტროლს, სიტუაცია შესაძლოა გაუარესდეს.
„თუ სახელმწიფო უფრო მეტად არ გაამკაცრებს კონტროლს, ჩათვალეთ, ეს 28.5% (42 ნიმუშიდან 12-ში გამოვლენილი დარღვევა) გახდება 80%. იმდენად რთული სიტუაცია გვაქვს. უნდა ვთქვათ სიმართლე, 28.5%-ზე მეტი რომ არ გამოვლინდა დარღვევა, სურსათის ეროვნული სამსახურის დამსახურებაა.
საქართველოში განსაკუთრებით მოვიხმართ რძის პროდუქტებს. ჩვენ ვართ ყველდამოკიდებული ქვეყანა. დილიდან საღამომდე მივირთმევთ კოლოსალური რაოდენობის ყველს (საუზმეზე, სამხარზე, სადილზე, ვახშამზე, პურ-ცომეულთან, ღომთან და ა.შ.). ქართველი ადამიანის არსებობა ყველის გარეშე არის წარმოუდგენელი. შესაბამისად, როდესაც დიდი რაოდენობით ყველს მივირთმევთ, დიდი რაოდენობით ილექება ის დაავადებებიც, მათ შორის ვეტერინარული სახის დაავადებები, სალმონელა, სტაფილოკოკები და ა.შ. რაც გამოწვეულია, პირდაპირი გაგებით, სანიტარიული ნორმების დარღვევით. ამიტომ, კონტროლი ამ სფეროში უნდა იყოს უკიდეგანოდ მკაცრი. ერთი პატარა შეცდომა და ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია“.
როგორც მან აღნიშნა, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საწარმოები, სადაც ზედმიწევნით დაცულია ყველანაირი სტანდარტი, სამწუხაროდ ძალიან ცოტა გვაქვს.
„მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საწარმოები, სადაც ზედმიწევნით დაცულია ყველანაირი სტანდარტი, სამწუხაროდ ძალიან ცოტა გვაქვს. ნებისმიერ საწარმოში, სადაც არ უნდა შეხვიდე, უამრავ დარღვევას ნახავ. სწორედ ამ დარღვევებს ნახულობს სურსათის უვნებლობა, მაგრამ როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით, დღეს რომ აღმოცენდება ერთი საწარმო, ხვალ სხვა ადგილას გააკეთებს. აქ რომ დახურავენ, იქ აღმოცენდება“.
ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, 42 ნიმუშის შემოწმება საკმარისი არ არის თუმცა, ესეც გვაძლევს საერთო სურათის აღქმის საშუალებას.
„ამ პროპორციით შეიძლება მიხვდე რა სურათი გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ყველა სოფელში არის საგლეხო მეურნეობა, ყველა ოჯახში კეთდება ყველი. „ბებოს ყველის“ (პირობითად) სახელით მივა ერთი გადამყიდველი, შეაგროვებს სოფელში 500 კილო ყველს, ჩამოიტანს და შემდეგ აბარებს სახაჭაპურეებს, რესტორნებს, სამეურნეო ბაზრებს… ვინ ამოწმებს ამ ყველს?
მიკვლევადობა და ჰიგიენური მდგომარეობა ეტიკეტირებული ყველის შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს. აღმოჩენილი დარღვევების აბსოლუტური უმრავლესობა არაეტიკეტირებულ ყველზე მოდის. კონტროლი მიდის, მაგრამ ე.წ. იატაკქვეშა საწარმოების გამოვლენა არის საჭირო“.
ანა მიქაძე-ჩიკვაიძის თქმით, ფერმერ-მწარმოებელი, მაკონტროლებელი და მომხმარებელი – ამ სამ რგოლში, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი პრობლემის მოგვარებაში, მომხმარებელმა უნდა ითამაშოს.
„ყველაზე მთავარი მოთამაშე არის მომხმარებელი, ვინაიდან მისი სიცოცხლე ჰკიდია ბეწვზე. მე რომ შევდივარ ხოლმე სავაჭრო სივრცეში, ვეცნობი პროდუქციის ანოტაციას. არ ვარ ინტრიგანი მომხმარებელი, უბრალოდ ფრთხილი ვარ. მომხმარებელი უნდა იყოს ამბიციური, პრეტენზიული და მომთხოვნი.
ფერმერ მწარმოებელი, მაკონტროლებელი და მომხმარებელი – ამ სამ რგოლში, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი უნდა იყოს მომხმარებელი (ამბიციის და პრეტენზიის თვალსაზრისით).
მომხმარებელი იმდენად ფხიზელი უნდა იყოს, ერთი წამით მოსვენებას არ უნდა აძლევდეს. თქვენ, როგორც მედია, მე როგორც ჩემი პროფესიის წარმომადგენელი (მკვლევარი და პრაქტიკოსი მეყველე) და ექსპერტები, მუდმივად უნდა ვრეაგირებდეთ და პირდაპირ პულსზე გვედოს ხელი. სულ საჩივრების წერაში უნდა ვიყოთ.
ჯარიმა და საჩივარი აშინებს ადამიანებს. ამ ჩემს ნათქვამს ვინც წაიკითხავს, შეიძლება გაღიზიანდეს და თქვას „კიდევ კონტროლი გვინდა?“- დიახ, გვინდა.
გაახალგაზრდავდა თრომბი, რაც კვებითი ინტოქსიკაციითაა გამოწვეული. (ტრანსცხიმები რომელსაც იყენებენ, არაკეთილსინდისიერად გაკეთებული, არამიკვლევადობის გზით გაკეთებული პროდუქტი იწვევს ამ ყველაფერს) ეს მარტო ყველს არ ეხება. ყველაზე პრეტენზიული და ამბიციური უნდა იყოს მომხმარებელი. სულ უნდა ეჭიროს პულსზე ხელი და ერთი წამით მოსვენება არ უნდა მისცეს მარეგულირებელს და მწარმოებელს, რომ მოდუნდნენ,“ – აღნიშნა ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ