ყველგან საწამლავი, არსად მოწამლული, ისევ თუთიყუშების ვერსიას „მიაწვეთ“, ეს სჯობს
რაღა ეჭვი დარჩა? – ყველგან საწამლავი და არსად მოწამლული – ასეთი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, საბოლოო ჯამში ყველაფერი დავიდა გაპუტულ თუთიყუშამდე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა BBC-ის ფილმში გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით.
მან „კამიტისა“ და ზოგადად ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე შედეგიც აღნიშნა.
„იცით, „კამიტი“, ქიმიური იარაღი რას ნიშნავს? ეს გამონაბოლქვით მოწამვლა კი არ არის. რა შედეგები აქვს [ქიმიურ იარაღს], ეს მაინც ხომ შეგეძლოთ „დაგეგუგლათ?!“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს.
პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ „კამიტის“ თემაზე კითხვებს გამოძიებამ გასცა პასუხი.
„გამოძიება შედგა და აჩვენა, რომ შსს-ს არასდროს პირველი მსოფლიოს ომის ქიმიური იარაღი არა თუ ნაყიდი ან გამოყენებული ჰქონდა, [კამიტი] საქართველოს ტერიტორიაზე კომერციული მოხმარებისთვისაც კი არ ყოფილა და მით უმეტეს, სახელმწიფოს მხრიდან.
რაში მდგომარეობდა BBC-ის მხრიდან საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმა, რა იყო მთავარი ლაიტმოტივი – ერთადერთი მთავარი ფრაზა, რაც იყო ჰედლაინისთვის გამოტანილი და ჰიბრიდული თავდასხმის ინსტრუმენტი, იყო „პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი“. დღემდე ხომ ამაზეა საუბარი. იქ სხვა რა ლირიული გადახვევები იყო ამ სიუჟეტში, არავინ იხსენებს და არც ვინმეს ყურადღება მიუქცევია. „პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი“ – დაიხურა ეს თემა? კითხვა ხომ მარტივია – იყო თუ არა ეს იარაღი. ხომ დაიხურა ეს თემა?
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა – ვინმეს კითხვა აქვს? გაეროს ან ვინმეს? არის გამოძიება, ხელისუფლება, მიმართონ, მიიღებენ პასუხებს. ტყუილია, რომ პასუხებს ვერ იღებენ. ისეთებს მოუტყუებიათ, რა გიკვირთ? მიხეილ სააკაშვილისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი იყო ჩამოსულიო და დასკვნებს წერდა, ევროპარლამენტმა მოიტყუა, ზელენსკიმ, სანდომ, იმდენი ტყუილი გვესმის, ტყუილი გიკვირთ? სიმართლეა უკვე გასაკვირი. ისევ თუთიყუშების ვერსიას „მიაწვეთ“, ეს სჯობს”, – გაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




