ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი – ეს არის დღევანდელი მოცემულობა

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტა იმ გზიდან გადახვევას არ ნიშნავს, რომელიც ქვეყანას აქვს გაცხადებული“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ უსამართლო განცხადებები ისმის.
„კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო. თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ყოველთვის გვაშანტაჟონ და გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც ტყუილზე, სიცრუეზეა დაფუძნებული. ბოლო თვეების, წლების განმავლობაში, ვხედავთ – ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. არავის მიეცემა შესაძლებლობა, ჩვენი სამშობლო სხვადასხვა მიზეზითა და მიზნებით, აშანტაჟოს და შეურაცხყოფა მიაყენოს. ეს იყო ღირსეული ნაბიჯი. ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. კეთილი უნდა ინებოს ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, ბრიუსელი იქნება ეს თუ რომელიმე სხვა ქვეყანა, პატივი სცეს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები მეგობრობას და პარტნიორობას არის აცდენილი.
„მიმდინარე პროცესების უკან ვხედავთ ძალიან დიდ უსამართლობას, რაც პირველი შემთხვევა არ არის. ბევრი უსამართლო განცხადება, გადაწყვეტილებები, მუდმივი შანტაჟი ვნახეთ, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. არაერთხელ გავაკეთეთ განცხადებები, რომ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ბევრჯერ გამოიცადა, რომ საქართველო არის ღირსეული პარტნიორი ქვეყანა. კონკრეტული პროექტები არსებობს მაგალითისთვის, თუ როგორ შეიძლება ორმხრივი თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, ეს ყველაფერი აცდენილია მეგობრობას და პარტნიორობასაც. ეს არის პირდაპირ უსამართლობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, აბუჩად მოიხსენიოს საქართველო და ქართველი ხალხი.
„ეს არ ნიშნავს იმ გზის გადახვევას, რომელიც ჩვენ გვაქვს გაცხადებული. ბოლო თვეების, წლების განმავლობაში, ბრიუსელის – კორუმპირებული ბიუროკრატიის მხრიდან, უსამართლო გადაწყვეტილებებს, განცხადებებს ვისმენთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელ მსოფლიოში, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ბევრი რამ შეიცვლება; შეიცვლება აღნიშნული ბიუროკრატია, რომელსაც უდიდესი პრობლემები აქვს. ამ ყველაფერს ჩვენი მხრიდან ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა. ჩვენ ვართ ქართველები, პატივს ვცემთ ჩვენს სამშობლოს, კონსტიტუციას, სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. არავის მივცემთ შესაძლებლობას, აბუჩად მოიხსენიოს ჩვენი ქვეყანა და მუდმივად აშანტაჟოს ის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.