ყველა ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ბიზნესებს ახალი მოთამაშეების შემოშვება არ უნდათ, ქვეყანაში კონკურენციის ნაკლებობაა – ირაკლი მურცხვალაძე

ეკონომისტმა ირაკლი მურცხვალაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში 2023 წლის ეკონომიკური მაჩვენებელი შეაფასა და ისაუბრა, თუ როგორ უნდა აისახოს ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
მისი თქმით, რეგიონში ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა საქართველოს აქვს. ამას კი რელოკანტების შემოდინებითა და მათ მიერ გახსნილი ბიზნესებით ხსნის.
„ჩვენ ცოტა გავნებივრდით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტემპით, რაც მთელი მსოფლიოსთვის საკმაოდ იშვიათი ფენომენია. ამის ფონზე, 7.5% მოკრძალებულად გვეჩვენება, თუმცა საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპია. ყველაზე დიდი რეგიონში.
2022-2023 წლეში ეკონომიკური ზრდის მთავარი მოტივატორი მიგრანტების ნაკადია, რომელიც შემოვიდა დან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან. საუბარია 100 ათასზე მეტ მიგრანტზე. მათი უმრავლესობა საკმაოდ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან. საქსტატის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ჩანს, რომ მათი დაახლოებით 60% IT-ის სფეროშია დასაქმებული და დისტანციურად მუშაობენ. საკმაოდ ბევრია ონლაინ რეჟიმში მომუშავე პედაგოგიც, რომელთა ანაზღაურებაც მაღალია. საქსტატის მონაცემებში ჩანს, რომ მათი ანაზღაურება 10 000$-ს აჭარბებს თვეში.
ამ თანხების დიდი წილი მიემართება საქართველოში (ბინის ქირა, უძრავი ქონების შესყიდა, რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.)
ერთის მხრივ, 2022 წელს გვქონდა 10,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2023 წელს 7.5%-ამდე შემცირდა და ისმის კითხვა, თუ რა იყოს შემცირების მიზეზი. პასუხი ნათელია – მიგრანტების ნაკადი დასტაბილურდა. ახალი მიგრანტების რაოდენობა არაა იმდენად დიდი. უფრო მეტიც, ბოლო მონაცემებით კლება შეინიშნება. დაახლოებით 30 ათასამდე ჩრდილოელმა მეზობელმა დატოვა ქვეყანა.
მეორეს მხრივ, თუკი აქამდე ძირითადი ზრდა განპირობებული იყო ახალი რელოკანტების შემოსვლის დიდი ნაკადით, ახლა ეს გადაიზარდა იმაში, რომ მათი ნაწილი დაფუძნდა აქ, იყიდა უძრავი ქონება, ფაქტობრივად უკვე საქართველოში ცხოვრობს. დაიწყეს ბიზნესების გახსნა და ფულის ჩადება საქართველოს ეკონომიკაში. ეს ყოველივე, გარკვეულწილად განაპირობებს იმ 7.5%-იან ზრდას. სავარაუდოდ, პოზიტიური ბალანსი წელსაც გვექნება,“- აღნიშნა ეკონომისტმა.
ირაკლი მურცხვალაძის თქმით, ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებლის უშუალო განმსაზღვრელი არაა. პირიქით, შეიძლება ნეგატიურადაც აისახოს მოსახლეობაზე.
„ჩვენ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთს ორი მონაცემი. ერთი – ეკონომიკური ზრდა და მეორე – მოსახლეობის კეთილდღეობა. სამწუხაროდ ეკონომიკური ზრდა, ყოველთვის ვერ ახდენს პოზიტიურ გავლენას მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ყველაზე ფენაზე.
შედეგად გვაქვს ის, რომ საქართველოში შემოდიან სლავი მიგრანტები, რომლებიც ამ ქვეყანაში ფულს დებენ, ხოლო გარკვეული ნაწილი საქართველოს მკვიდრი მოსახლეობისა, გადის ქვეყნიდან და ცდილობს უცხოეთში დაიმკვიდროს თავი, რადგან მათ არ აქვთ საქართველოში ღირსეული ანაზღაურება, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ აქვთ სამსახური. სამწუხაროდ, ასეთი დისბალანსი გვაქვს საქართველოში.
ამხელა ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ყველას კეთილდღეობაზე არ აისახება, ვინაიდან ეკონომიკური ზრდა არ უჩვენებს თითოეული ადამიანის კეთილდღეობას. ის უჩვენებს ჯამში, როგორ შეიცვალა კეთილდღეობა სახელმწიფოში. ეს შეიძლება მხოლოდ ერთი ფენისთვის იყოს დადებითი, ხოლო მოსახლეობის ნაწილზე არ ახდენდეს ზეგავლენას, ან შეიძლება ნეგატიურადაც აისახოს. მაგალითად, ზუსტად ამ ეკონომიკურმა ზრდამ და რელოკანტების შემოდინებამ გამოიწვია ფასების საკმაოდ მაღალი ზრდა ქვეყანაში თითქმის ყველა მიმართულებით. ეს მოსახლეობის გარკვეულ ფენაზე, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.
ფასის ზრდასთან ერთად, სამუშაო ადგილებიც შეიზღუდა ქვეყანაში. რელოკანტების შემოსვლამ, ბაზარზე კონკურენცია გაზარდა. საქართველოში მცხოვრებს უფრო უჭირს დასაქმება, რადგან ახლა ბევრად მეტი ადამიანია შრომისუნარიანი ქვეყანაში, ვიდრე მანამდე იყო,“- აღნიშნა მურცხვალაძემ.
მან პრობლემის მოგვარების გზებზეც ისაუბრა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მთავრობამ, რომ უთანაბრობა ერთის მხრივ ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას შორის შემცირდეს და ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზეც პირდაპირპროპორციულად აისახებოდეს.
„თეორიულად თითქოსდა ყველაფერი მარტივია, მაგრამ განსახორციელებლად რთულია. არის რაღაც ნაბიჯები გადასადგმელი, რომელიც მოითხოვს თითქოსდა რადიკალურ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, იმისთვის, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს, არსებობს ერთი აქსიომა, რომელმაც წარმატება მოუტანა მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანას. ესაა – კონკურენცია.
თუ გვინდა, რომ იყოს დაბალი ფასები, უნდა იყოს 15-20 სააფთიაქო ქსელი და არა 3. შემდეგ ისინი ვეღარ შეძლებენ ერთმანეთში შეთანხმებას და წამალს აღარ ექნება 200,300,500%-იანი ფასნამატები. იგივე სიტუაციაა საწვავის ბაზარზეც. იმის მაგივრად, რომ ბევრი ბენზინგასამართი სადგური გვქონდეს, სულ რამდენიმე გვაქვს და ისინი ხელოვნურად იწვევენ მაღალ ფასს.
ამ პრობლემას სახელმწიფო დაჯარიმების მეთოდით ვერ მოაგვარებს. ამას სჭირდება კონკურენციის გაზრდა. ბაზარზე უნდა შეუშვან ახალი მოთამაშეები, მაგრამ აქ უკვე სხვა დიდი პრობლემა ჩანს. მოქმედ ბიზნესებს ახალი მოთამაშის შემოშვება არ უნდათ. ეს ბიზნეს ჯგუფები საკმაოდ მჭიდროდ არიან დაკავშირებული ხელისუფლებასთან. არა მარტო დღევანდელთან, ნებისმიერ ხელისუფლებასთან ასე იქნებიან, ვინც მოვა. ისინი ზღუდავენ იმ ბარიერებს, რომლის გამოც ვერ შემოდიან ახალი მოთამაშეები ბაზრამდე. ყველა სფეროში ანალოგიური პრობლემაა. ყველა სფეროში კონკურენციის ნაკლებობაა,“- დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ