აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა იმ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარება, რომელიც ჰიდროელექტროსადგურის პროექტის არეალში ცხოვრობს , – ამის შესახებ საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკული ასოციაციის წევრებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ირინა პეტრიაშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ გამოწვევას ქვეყნები სხვადასხვა გზითა და მეთოდებით უმკლავდებიან.
“საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირებით დაინტერესება მაღალია როგორც ევროპაში, ისე აზიაში. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ვარ საქართველოდან და ძალიან ხშირად მესმის, რომ ისინი უყურებენ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი აუთვისებელია, მზე და ქარის მიმართულებით ახლა იწყება პროექტები. აქვე გვაქვს “შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის” პროექტი, რომელიც კიდევ სხვა პერსპექტივებს აჩენს და ამიტომ ჩვენ ცალსახად, ძალიან საინტერესო ვართ ინვესტირების კუთხით.
9 წელია, რაც ჰიდროენერგეტიკის სფეროში ვარ. სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება ის, რომ ვერ ვუმკლავდებით და არ ვიცით როგორ ავაგოთ ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან სადგურების მშენებლობის კუთხით”, – აცხადებს ირინა პეტრიაშვილი.
