მქონდა რამდენიმე ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრა თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ყველგან ვსაუბრობდით იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის მნიშვნელობაზე და თურქ მეგობრებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თურქ მეგობრებს არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის. სხვადასხვა კუთხით იყო ეს ფორმატი მნიშვნელოვანი, ერთი, რომ მივიღეთ მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში, სადაც, მათ შორის ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებულ მდგომარეობაზე საუბრის შესაძლებლობა გვქონდა, ასევე მქონდა რამდენიმე ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრა თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან. რა თქმა უნდა, ყველგან ვსაუბრობდით იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებთან. ასევე, შუალედებში გვქონდა კონკრეტულ ლიდერებთან აზრების გაცვლის საშუალება. მთლიანობაში ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები გაგვეზიარებინა. ყველას ვუყვებით იმას, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში, ქვეყნის გარშემო, როგორია ჩვენი გამოწვევები და როგორ ვხედავთ ამ გამოწვევებთან გამკლავებას. ჩვენი გზავნილები მაქსიმალურად მივიტანეთ ჩვენს პარტნიორებამდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, თურქულ მხრესთან ურთიერთობის გაღრმავება განიხილეს თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე. მისივე თქმით, ორივე მხარემ დაადასტურა ინტერესი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე.
„ხაზი გავუსვით იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს არა მხოლოდ კეთილმეზობლური, არამედ ნამდვილი მეგობრული ურთიერთობები. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური თვალსაზრისით და ასევე, ეკონომიკური კუთხით სტრატეგიული პარტნიორობა, გვაქვს არაერთი სტრატეგიული პროექტი. მნიშვნელოვანია სამმხრივი ფორმატიც, რომელიც ჩვენ, თურქეთს და აზერბაიჯანს გვაკავშირებს. ხაზი გავუსვით, რომ მიუხედავად დღეს არსებული ურთიერთობების ძალიან მაღალი დონისა, არსებობს განვითარების შემდგომი პოტენციალი. ყველა თემას შევეხეთ და გვქონდა ორმხრივად დადასტურებული ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები,“- აღნიშნა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
