2025 წელს თქვენ მრავალი ფუნდამენტური თავისუფლება დავკარგეთ. ივანიშვილის რეჟიმმა, როგორც თავადვე გვითხრა, “მეთოდურად” იმუშავა ისეთი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაზღუდად, როგორიცაა შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ინფორმაციაზე წვდომა და მედიის დამოუკიდებლობა, პოლიტიკური და საარჩევნო უფლებები, პირადი ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება…
გარდა უკვე ამოქმედებული რეპრესიული კანონებისა, რეჟიმის მიერ ასევე დაგეგმილია აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა. ეს გულისხმობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო საზოგადოებაზე სახელმწიფო კონტროლის დამყარებას, რაც თავისუფალი კვლევისა და სწავლების სივრცეს ცენზურის ქვეშ მოაქცევს.
ამ საკანონმდებლო ცვლილებების ერთობლიობა ქმნის გარემოს, სადაც მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში, სასწავლებელში თუ პირად სივრცეში ძირითადად დაუცველი რჩება.
“მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ საშემოდგომო სესიის ფარგლებში ნაყოფიერი საპარლამენტო საქმიანობისთვის” – მიმართა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის ბოლო პლენარული სხდომის დახურვისას ოლიგარქის დეპუტატებს.
2025 წელს ივანიშვილის პარლამენტმა მართლაც ნაყოფიერად იმუშავა – ქართულმა ოცნებამ ერთმანეთის მიყოლებით მიიღო ანტიდემოკრატიული, ადამიანის უფლებების შემზღუდავი და რეპრესიული კანონპროექტები.
იყვნენ “ნაყოფიერი მუშაობით” გამორჩეული დეპუტატებიც, მაგალითად არჩილ გორდულაძე, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში სადებიუტო წელი აქტიურ კანონშემოქმედებაში გაატარა. ის ქვემოთ მოყვანილი კანონების უმრავლესობის ერთ-ერთი უცვლელი ინიციატორი და ავტორია.
საგულისხმოა ისიც, რომ ეს განცხადება პაპუაშვილმა 17 დეკემბერს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გააკეთა. 16 და 17 დეკემბერს რეჟიმმა ორი რიგგარეშე სხდომა ჩანიშნა რამდენიმე შემზღუდავი კანონის საბოლოოდ დასამტკიცებლად.
რეჟიმის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის 2028 წლამდე შეაჩერებას საქართველოში უწყევტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რომელიც უკვე წელიწადზე მეტხანს გრძელდება.
რეჟიმმა პროტესტის შესაჩერებლად ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღო შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. აკრძალა შეკრებებზე ნიღბების გამოყენება, მათ შორის, ე.წ ბალაკლავის ტარება, აქციებზე ლაზერის ქონა.
პიროტექნიკის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია ლიცენზიის გარეშე.
ცვლილებები შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში – შენობების ბლოკირებასა და გზის “ხელოვნურად გადაკეტვაზე” ჯარიმა 5 000 ლარამდე გაზარდა.
შემზღუდავი და რეპრესიული კანონების მისაღებად “ნაყოფიერი მუშაობა” 2025 წელსაც გაგრძელდა.
გიყვებით უფლებებზე, რომლებიც რეჟიმმა 2025 წელს წაგართვათ:
რეჟიმი აქციების წინააღმდეგ
ქართულმა ოცნება მოქალაქეებს ჯერ ქუჩაზე დგომის გამო აჯარიმებდა, შემდეგ აკავებდა, ბოლოს კი ტროტუარზე დგომაც კანონდარღვევა გახადა – აქციების კრიმინალიზების ქრონოლოგია:
თებერვალში ჯერ კიდევ საკანონმდებლო ხელისუფლებაში მყოფმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “მხოლოდ 4 ასეული ადამიანისგან შემდგარი კარგად გაწვრთნილი აგენტურული ბირთვი, უხეშად არღვევს 4 მილიონი ადამიანის უფლებებს” და ახალი საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა.




